“ხელისუფლება მოწადინებულია, რომ პასუხისმგებლობა ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს “შეტენონ”. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია, ის დაბრუნდეს პრემიერმინისტრად და დააკომპლექტოს ანტიკრიზისული მთავრობა. მაინც მასზეა პასუხისმგებლობა. დღეს გვაქვს აბსოლუტური ქაოსი”. ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებთან” ინტერვიუსას ისაუბრა.

“ბევრი ნაღმი გვაქვს ჩადებული და რა როდის იფეთქებს არ ვიცით.ხელისუფლებას საფრთხე შიგნიდან ემუქრება. პრემიერმინისტრი კი სადღეგრძელოებით ლაპარაკობს. საკონსტიტუციო ცვლილებები  მმართველობითი კრიზისის ერთ-ერთი გამოვლინებაა. საზოგადოებას, ასევე ვენეციის კომისიას ეგონა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა მანდატი უმრავლესობისგან, იმ პოლიტიკური ძალის მაინც,რომელსაც წარმოადგენდა და ამ მანდატის შესაბამისად დაიწყო ფართო განხილვები. პროცესის ბოლოს აღმოჩნდა,რომ ის მოქმედებდა ყალბი მანდატით.

თვითონ პროცედურა იყო დარღვეული.როცა ოჯახის სახელით აწარმოებ მოლაპარაკებებს, ჯერ ოჯახის წევრებთან უნდა შეთანხმდეთ და შემდეგ ვისაც ექნება დელეგირება, ის იწყებს მეზობლებთან მოლაპარაკებას. აქ თავდაყირა დადგა პროცესი, ოჯახის თინეიჯერმა, ყველაზე ახალგაზრდა და გამოუცდელმა წევრმა თავისთავზე აიღო მეზობლებთან მოლაპარაკება და აღმოჩნდა, რომ ოჯახთან არ ჰქონდა შეთანხმებული.

ეს არის მინიმუმ პოლიტიკური ინფანტილიზმი, რაც შეიძლება საყოფაცხოვრებო დონეზე სასაცილო იყოს, მაგრამ სახელმწიფოსთან, ადამიანების ბედთან გვაქვს საქმე. უმწიფარი თინეიჯერივით იქცევა დღეს მთელი ხელისუფლება და მისი ნამდვილი სახე არის ირაკლი კობახიძე. აბსოლუტურად იზოლირებული დარჩნენ საზოგადოებისგან, პოლიტიკური ოპოზიციისგან, სამოქალაქო საზოგადოებისგან. ვერც ერთ სოციალურ ჯგუფთან ვერ გადეს თუნდაც მცირე ხიდი” , – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 54 times, 1 visits today)

კომენტარები