“ჩვენ დავბრუნდით არა 2012-ში, ცოტა ქვემოთ ჩავედით კიდევ. პოლიტიკური პროცესი ასეთია. მსგავსი ერთმანეთზე მიბმული, გახშირებული ნაღმები კარგა ხანია ქართულ პოლიტიკაში არ ყოფილა”. ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ “ტვ პირველზე”, გადაცემა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბების” ეთერში ისაუბრა.
“როდესაც კომისიამ მუშაობა დაიწყო, მაშინვე ითქვა,რომ ეს არის ჩქარი ტემპი. არსად გვეჩქარებოდა, ნელა, დაბეჯითებით უნდა გვემუშავა. ეს არის ფუნდამენტური კანონი,რომელზეც სახელმწიფო უნდა დაშენდეს. რა თქმა უნდა ყველა ყველას არ დაეთანხმებოდა, მაგრამ პროცესი ამ მიმართულებით უნდა წასულიყო. დღევანდელ პროექტზე საბოლოოდ ჩამოყალიბებული არც უმრავლესობაა. ისევ გაუგებარია რა ვარიანტზე ვსაუბრობთ.
2004-ში რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ ” გააკეთა, იყო მიუღებელი საშინელება, მაგრამ გასაგები. ისევე,როგორც 2010-ში მიუღებელი პროექტი იყო, მაგრამ ასევე გასაგები. დღეს მიუღებელთან ერთად გაუგებარია, ეს პროექტი ვის რაში სჭირდება და რატომ. პროცესები წავა კონსტიტუციის მიღმა, მას არ ექნება ლეგიტიმაცია. ამ დოკუმენტს ხელისუფლების გარდა არავინ აღიარებს.
რამდენიმეჯერ ითქვა, რომ გუნდში მიდის მოლაპარაკება და ჩამოყალიბდებიან. მოსამზადებელი სამუშაო ჩატარებული გაქვს და შესათანხმებელი გაქვს დეტალები, ეს გასაგებია, რომ გაქვს შესათანხმებელი, მაგრამ როდესაც დაპირებით მოდიხარ, მაშინ გუნდის ერთიანობა რაზეა. როდესაც გუნდი ყალიბდებოდა და პროგრამაზე მუშაობდა, იქ უნდა ყოფილიყო თანხმობა” , – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
მანანა ღოღობერიძე