“ეს პრობლემა შესაძლოა არ იყოს საზოგადოების მოთხოვნების ხუთეულში, ან ათეულში, მაგრამ აქტუალურია. ეს არის მოსახლეობის ერთსულოვანი განწყობა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა “ტვ პირველზე”, გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ისაუბრა.
“მიწების გასხვისებაზე იყო ფართო საზოგადოებრივი მსჯელობა, კონსულტაციები. მოსახლეობის სრული თანხმობით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უცხოელებისთვის აიკრძალოს სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენა. სავარგულების დიდი ნაწილი სახელმწიფოს ხელშია, მაგრამ ეს არის საძოვრები. ხოლო სახნავი მიწა, სადაც მაღალღირებულების პროდუქტის შექმნა შეიძლება, არის კერძო.
გააქტიურებულია უცხოელების ინტერესი ქართულ მიწებზე. შეზღუდვები არ არის გამონაკლისი, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში დიდ როლს არ თამაშობს, ეკონომიკურად დიდი წვლილი არ შეაქვს. ჩვენ გვაქვს აქტიური, განვითარებაზე ორიენტირებული შიდა სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა. ძალიან მცირე მიწიანი ქვეყანა ვართ და ეს რესურსები ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ” , – განაცხადა მინისტრმა.
მანანა ღოღობერიძე