გარდატეხის ასაკი 13-19 წლის პერიოდს მოიცავს და ერთგვარი სიახლეა ამ ასაკში მყოფი ადამინებისთვის, ფაქტობრივად, ადამიანი უკან იტოვებს ,,ტკბილ ბავშვობას“ და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ემზადება, ამ დროს ხდება უამრავი ცვლილება, რის შესწავლასაც გარკვეული დრო სჭირდება, ხშირად მოზარდებს ეუფლებათ ორმხრივი ემოციები: დადებითი და უარყოფითი.  ეს ბუნებრივიცაა, ამ თემასთან დაკავშირებით ,,თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი, ლელა ტყეშელაშვილი, ესაუბრა.

რას ნიშნავს გარდატეხის ასაკი და რა პერიოდს მოიცავს, თქვენ როგორც ფსიქოლოგი როგორ ახსნით ცხოვრების ამ გარდამავალ ეტაპს?

– ამ პერიოდს ბევრი სახელი აქვს – მოზარდობის, გარდატეხის, კრიზისული, პუბერტატული, გარდამავალი ასაკის მოზარდებს თინეიჯერებსაც უწოდებენ და 13-19 წლით შემოსაზღვრავენ, თუმცა ეს არ არის სამეცნიერო ტერმინი.

გარდამავალ ასაკს ხშირად მოზარდობასაც უწოდებენ, ეს არის ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლის პერიოდი, როცა ადამიანი ნაწილობრივ ბავშვია და ნაწილობრივ – მოზრდილი.

ბავშვობა უკვე გასულია, ხოლო მოწიფულობა ჯერ არ დამდგარა.

გარდამავალი ასაკის კრიზისის პრობლემა მკვლევართა ინტენსიური შესწავლის საგანია, მე-19, მე-20 საუკუნეების მიჯნაზე არსებობდა აზრი, რომ მოზარდობის ასაკის პრობლემები ბიოლოგიურად იყო განპირობებული, შესაბამისად ამ პროცესში ჩარევას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ ეს არ არის სწორი პოზიცია. მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა პრიმიტიული ცივილიზაციები კუნძულ სამოაზე. აღმოჩნდა, რომ მოზარდთა ცხოვრებაში არავითარი „კრიზისი“ არ ფიგურირებდა.

მაშასადამე,  გარდამავალი ასაკის პრობლემებში გადამწყვეტი ყოფილა სოციალური გარემო და არა ბიოლოგია.

ისეთ საზოგადოებაში, სადაც მოზარდი და ზრდასრული ადამიანების ქცევა, მათი მოვალეობები და თავისუფლებები  არ არის ერთმანეთისაგან მკვეთრად გამიჯნული და დაპირისპირებული, სადაც არ მიიჩნევენ, რომ მოზრდილისათვის ყველაფერი შეიძლება, ხოლო ბავშვისათვის-არაფერი, ბავშვობიდან მოწიფულობაში გადასვლა ყოველგვარი კონფლიქტებისა და კრიზისების გარეშე შეიძლება წარიმართოს.

თანამედროვე საზოგადოებაში კი არსებობს ორი ჯგუფი – უფროსები და ბავშვები. ის პრივილეგიები და სპეციფიკა, რაც აქვს ერთს, არა აქვს მეორეს. მოზარდის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ ის იმყოფება ამ ორ ჯგუფს შორის და, რაც უფრო მკვეთრია განსხვავება ჯგუფებს შორის, მით მეტი სიძნელეებითაა აღსავსე მოზარდობის ასაკი.

რომელ სქესში (გოგონებში თუ ბიჭებში) უფრო რთულადაა გამოხატული გარდატეხის ასაკის დროს გაჩენილი პრობლემები და რა ძირითად სირთულეებს დაასახელებდით?

 მოზარდობის ასაკის განხილვა არ იქნება სრულყოფილი, თუ ენდოკრინულ ცვლილებებს არ გავითვალისწინებთ. ეს ცვლილებები ზეგავლენას ახდენს როგორც ორგანიზმის ზრდა-განვითარებაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, სუნთქვასა და სისხლის მიმოქცევაზე, ასევე გამრავლების ფუნქციასა და სქესისთვის დამახასიათებელ ქცევაზე.

გოგონების პუბერტატი 2-3 წლით უსწრებს ბიჭებისას, თუმცა აქაც არსებობს    ინდივიდუალური განსხვავებები. ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ბიჭებთან და გოგონებთან განსხვავებულად აღიქმება. ბიჭებთან ეს როგორც წესი, სიამაყის საფუძველია, გოგონები კი, უფრო ხშირად, განიცდიან თანატოლებისაგან განსხვავებულობას. ზოგადად, სქესობრივი განვითარება ამ ასაკის უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური სპეციფიკაა და გარდამავალი ასაკის თავისებურებებს, უბრალოდ, ვერ გავიგებთ, თუ ეს ფაქტორი არ მივიღეთ მხედველობაში.

მოზარდობის პერიოდში ირღვევა დადებითი და უარყოფითი თვითშეფასების ბალანსიც.

ბიჭებთან თვითშეფასების კრიზისი  – დაბალი თვითშეფასება და დაურწმუნებლობა უფრო მჭიდროდ უკავშირდება თვითდამკვიდრების პრობლემებს, რაც თავის მხრივ ბულინგის, აკადემიური ჩამორჩენის, ჯგუფში არასასურველი პოზიციის საფუძველია.

იზრდება კანონსაწინააღმდეგო ქმედებების რისკი. აღმოჩნდა, რომ სამართალდამრღვევ მოზარდებს უფრო დაბალი თვითშეფასება აქვთ, კანონდარღვევები სწორედ ამის საკომპენსაციოდ ხორციელდება.

გოგონები უფრო მწვავედ განიცდიან გარეგნობის ცვლილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, აკნეს, წონის მატებას, არსებობს ნერვული ბულიმიისა და ანორექსიის პროვოცირების საშიშროება.

საზოგადოების, სკოლის და, რაც მთავარია, ოჯახის როლი მოზარდის ცხოვრებაში,      რომელიც გარდატების ასაკშია და ყველაფერს მძაფრად აღიქვამს…

– ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გარდამავალი ასაკი არის ადამიანის პიროვნების, მისი „მე“-ს მეორედ დაბადება. მოზარდი იწყებს დაპირისპირებას სამყაროსთან, რაც ეხმარება მას თავისი თავის გაცნობიერებასა და თვითიდენტურობის მიღწევაში. ყალიბდება საკუთარი განსაკუთრებულობის განცდა, თავს იჩენს, ე.წ. „წარმოსახული აუდიტორიის“ სინდრომი. მოზარდი ფიქრობს, რომ გარშემომყოფები ძალიან არიან დაინტერესებული მისი ქცევითა და შეფასებით, თავს მოვლენების ცენტრში აღიქვამენ, დარწმუნებულები არიან, რომ „წარმოსახული აუდიტორია“ აუცილებლად კრიტიკულად აფასებს მას, ამით არის გამოწვეული მათი სიმორცხვე და ჩაკეტილობა, რის დასაფარადაც მოზარდები მიმართავენ ზედმეტად გამომწვევ ზოგჯერ აგრესიულ ქცევებს.

მოზარდებში შეინიშნება სწავლისადმი არასტაბილური დამოკიდებულება, ეს შეიძლება მშობლისა და მასწავლებლის გავლენისაგან განთავისუფლების სურვილითაც იყოს გამოწვეული. ეს იწვევს პრობლემებს გართულებული სასწავლო მასალის დამოუკიდებლად ათვისების პროცესში, მოსწავლე „იძულებულია“ ყოველივე ამის გადასაფარად იცრუოს, მოამზადოს „შპარგალკები“, გადაიწეროს. ხშირად ამასთან დაკავშირებით აღმოცენდება მწვავე, დრამატული სიტუაცია ოჯახსა და სკოლაში. არ არის მარტივი გააცნობიერებინო მოზარდს ცოდნის დანიშნულება და ღირებულება, მისი ცხოვრებისეული მნიშვნელობა. მეორე მხრივ, თუ ამას ვერ მოვახერხებთ, გაგვიჭირდება დავეხმაროთ მას სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ზოგჯერ მოზარდის სწავლისადმი განურჩეველი ან უარყოფითი დამოკიდებულება არის რეაქცია მარცხზე, ის ცდილობს საკუთარი წარუმატებლობა ასე შენიღბოს და ზოგჯერ თავიც მოიწონოს ამით.

ოზარდის მშობლებს რა რეკომენდაციას მისცემდით? მათი დამოკიდებულება როგორი  უნდა იყოს გარდატეხის ასაკში მყოფი შვილის მიმართ, რაიმე საჭირო მიდგომები ხომ არ არსებობს…

გარდამავალ ასაკში მშობლები ჩივიან, რომ მათ შვილებს მაგნიტივით იზიდავს ქუჩა და თანატოლები, სუსტდება მშობლებთან მიჯაჭვულობა და ძლიერდება თანატოლებთან – აქ ისინი უფრო პოულობენ ემოციურ მხარდაჭერას. ეს იმის გამო ხდება, რომ მშობლები არ ცვლიან მოზარდებთან დამოკიდებულების სტილს, მათთან ურთიერთობას აგებენ მორჩილების პოზიციიდან, მოზარდები კი მოითხოვენ, რომ ეს ურთიერთობები აიგოს თანასწორობაზე. ამგვარად, თუ მოზარდი მიმართავს პროტესტის სხვადასხვა ფორმას, სავარაუდოდ, მიზანი ძველი დამოკიდებულების შეცვლა და ურთიერთობის თანასწორ პოზიციებზე გადასვლაა. უფროსებიც ხვდებიან, რომ ცვლილებებია საჭირო, მაგრამ უჭირთ და ეშინიათ ამის გაკეთება, ზოგიერთი მკვლევარი ამას იმით ხსნის, რომ თინეიჯერის მშობელს ხშირად თვითონაც კრიზისული პერიოდი აქვს, შვილების ზრდასრულობა მის ხანდაზმულობაზე მიანიშნებს, მით უმეტეს, რომ ამის ფიზიკური ნიშნები უკვე სახეზეა. ამრიგად, ხშირად მოზარდი მზად არის აითვისოს ზრდასრულის ქცევის მოდელები, მაგრამ, სამწუხაროდ, უფროსები მათთან დამოკიდებულების ძველ ფორმებს არ ცვლიან.

ზოგადად, მოზარდის დამოუკიდებელ პიროვნებად აღზრდა ამ პიროვნების ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა. სრული დამოუკიდებლობა,  რასაც მოზარდი ამ პერიოდში პირდაპირ თუ ქცევაში გამოვლენით ითხოვს, შესაძლებელია მისთვისვე დამაზიანებელი აღმოჩნდეს, თუმცა წვრილმანი, მოსაბეზრებელი ზედამხედველობისაგან მისი განთავისუფლება პიროვნების განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური რესურსია.

გარდამავალი ასაკი უნდა დასრულდეს იდენტურობის ფორმირებით – ეს არის საკუთარი სრულფასოვნების განცდა, თუ რას წარმოადგენს ადამიანი რეალურად და რამდენად სწორად აღიქვამენ მას სხვები, რა ადგილი უჭირავს მას საზოგადოებაში და რისკენ მიისწრაფის.

მოზარდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა მოწონება და აღიარებაა, მათ სურთ, მშობლებმა მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან.

ზოგიერთი მშობელი კი მაქსიმალისტია, უნდა, რომ მისი შვილი იყოს სრულყოფილი, ამიტომ მუდმივად უკმაყოფილოები არიან და აკრიტიკებენ მათ.

ამ პროცესში ბევრი მოზარდი იბნევა, შეიძლება აღმოცენდეს „იდენტურობის კრიზისი“. ამის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება დემოკრატიული აღზრდაა, როდესაც მოზარდსა და ზრდასრულს აქვთ საშუალება და სურვილი თანამშრომლობისა და მოსმენის საფუძველზე არგუმენტებით დაასაბუთონ თავიანთი პოზიციების მართებულობა, აკრძალვები უნდა იყოს ცოტა, აუცილებელი და გასაგებად ახსნილი, ამასთან არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ მოზარდს, არასასურველ ქცევებს მით უფრო არ უნდა სჩადიოდეს ზრდასრული ადამიანი, მოზარდს, რაც ესმის თქვენგან, მასვე უნდა ხედავდეს თქვენი ქცევის მაგალითზე. ასევე,

როდესაც მოზარდისადმი შეფასებითი დამოკიდებულება, მისი კრიტიკა ქრონიკულ ხასიათს იძენს, დადებითის ნაცვლად ვიღებთ საპირისპირო შედეგს, მას უყალიბდება ხასიათის მყარი ნეგატიური ნიშნები, ხდება ნევროტული და შესაძლებელია მოხდეს ანტისოციალური ქცევების პროვოცირება.

ავტონომიის მიღწევის მცდელობა არ ნიშნავს კავშირის გაწყვეტას ოჯახთან, ეს ორმხრივი პროცესია და შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა. უფროსსა და მოზარდს შორის ახალ ურთიერთობაზე გადასვლის ინიციატივა უფროსისგან უნდა მომდინარეობდეს, ასეთ შემთხვევაში ყველა სირთულე დადის მინიმუმამდე. როცა ცვლილების ინიციატორი მოზარდია, გართულებების ალბათობა იზრდება და იმაზე მიანიშნებს, რომ უფროსი ძველ ურთიერთობებს არ ცვლის.

ეკა წიკლაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

(Visited 581 times, 1 visits today)

კომენტარები