„პრეზიდენტმა დაიწყო კონფრონტაციით და ცვლილებების პროცესიც დასრულდა ასეთივე კონფრონტაციით. ჩვენ ვიარეთ თანხმობის გზით, მაგრამ საკუთარ თავთან და მოსახლეობასთან წინააღმდეგობაში მყოფი პრეზიდენტი რომ არ გახდა პროცესის მონაწილე, ეს მისი არჩევანია“. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს და ერთსულოვნება, რაც გუშინ კონსტიტუციის მეორე მოსმენით მიღებას ახლდა, იყო კონსენსუსი საკუთარ ხალხთან. გვავიწყდება,რომ უმრავლესობის შიგნით არ არის მხოლოდ „ქართული ოცნება“. ჩვენს გარდა კიდევ 3 სხვა პოლიტიკური პარტია გვყავს,რომელთან ერთადაც მოხდა შეთანხმება. საერთო სახალხო განხილვა იყო ხალხთან პირდაპირი დიალოგი.

ვენეციის კომისიის არცერთი რეკომენდაცია არ დარჩენილა გაუთვალისწინებელი. ვადებთან დაკავშირებით არავითარი რეკომენდაცია არ იყო. ეს არ ეხება არც ევროპულ კონვენციას, ეს უნდა გადაწყვიტოს ქვეყანამ. საკმაოდ დიდ ჯგუფს ჰქონდა განსხვავებული პოზიცია მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა არავის აქვს უფლება, თქვას, რომ ეს იყო უსამართლო პოზიცია. ეს სისტემა არ მიიჩნევა უსამართლო სისტემად.

ჩვენ მზად ვიყავით სისტემის შეცვლისთვის და გვჭირდებოდა პერიოდი,რომ შეთანხმებას მიგვეღწია. შეუძლებელია ყველასთან ყოფილიყო შეთანხმება, მაგრამ საკუთარ ხალხთან ჩვენ ყველა პრინციპული საკითხი შევათანხმეთ და წუხილები მიწის საკუთრებასთან, ქორწინებასთან დაკავშირებით, ჩაიწერა კონსტიტუციაში. ქვეყნის მთავარი კანონი პირველ რიგში უნდა მოსწონდეს ხალხს“ , – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 24 times, 1 visits today)

კომენტარები