კომპანია “ასკანელი ძმების” ბრენდი “ანასეული ოტკა” 2015 წელს გაიხსნა. ანასეულის კომბინატში ხდება ხილის დისტილაცია, რის შედეგადაც იქმნება მაღალი ხარისხის ქართული ეკოლოგიურად სუფთა ბიო პროდუქტი ე.წ ხილის არაყი – “ოტკა”. ბრენდის შექმნისა და საქმიანობის შესახებ „თბილისი თაიმსთან“  პროექტის ხელმძღვანელმა  ბერდია ბერიშვილმა ისაუბრა.

„კომპანია 2014 წელს დაარსდა, ხოლო 2015 წელს დაიწყო მშენებლობა. მართალია მხოლოდ ექვსი თვეა რაც შიდა ბაზარზე დავიწყეთ პროდუქციის გაყიდვა, აქამდე მხოლოდ კასრებში ვარგიდებოდა, თუმცა ჩვენი ბრენდის მიმართ დაინტერესება საკმაოდ დიდია.  ჩვენი ძირითადი საქმიანობა არის ხილის დისტილატების გამოხდა. ვიბარებთ ხილს გლეხებისგან, ამ ხილის დამუშვების შედეგად ვაკეთებთ ხილფაფას და შემდეგ იქიდან იხდება სპირტი, რომელსაც ვავარგებთ მუხის კასრებში.“

ბრენდის სახელწოდება ერთგვარი გურული ხუმრობაა, რომელიც კარგად დასამახსოვრებელს ქმნის თავად ბრენდს. როგორც ბერდია ბერიშვილი აღნიშნავს, “ოტკა” – აღორძინებული გურული ტრადიციების სიმბოლო, ქართული ხალხური რეცეპტურით მომზადებული დისტილატია, რომლის ისტორია ასწლეულებს ითვლის.

„ოტკა დაერქვა იმიტომ, რომ გურულები „ვოტკას“ ეძახდნენ „ოტკას“ და ეს ცოტა ხუმრობაცაა. რომელიც გამოკვეთს ჩვენი ბრენდის სახელს და დასამახსოვრებელს ხდის. რეალურად „ანასეული ოტკა“ არის ხილის დისტილატი- კონიაკის მსგავსი სასმელი.“

„ანასეული ოტკა“ რამდენიმე სახეობის ხილისგან მზადდება, შესაბამისად არომატების მიხედვით განსხვავდება არყისგან. მისი შეძენა შესაძლებელია მარკეტებსა თუ რესტორნებში.

„ამ ეტაპზე გვაქვს დაახლოებით რვა სახეობის ხილისგან დამზადებული „ანასეული ოტკა“. მათ შორის არის ქლიავი, ტყემალი, ვაშლი, ატამი, ხურმა, მსხალი. საქართველოში იყიდება ღვინის სპეციალურ მაღაზიებში, არის ასევე სამ სუპერმარკეტში: კარფურში, გუდვილსა და სმარტში. ასევე ჩვენი სასამელის დაგემოვნება შესაძლებელია სხვადსხვა სასტუმროში. სუპერმარკეტში „ანასეული ოტკას“ ფასები იწყება დაახლოებით 23 ლარიდან, რესტორნებში ცოტა მეტი-32-35 ლარამდე  მერყეობს.“

რაც შეეხბა ექსპორტს, კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს ქართული სასამელის გატანას ლატვიაში, გერმანიასა და რუსეთში.

„ვგეგმავთ, „ანასეული ოტკა“  გავიტანოთ უკვე საქართველოს საზღვრებს გარეთ და ამაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ ქვეყნების ჩამონათვალში შედის ბალტიის ქვეყნები, გერმანია და შესაძლოა რუსეთიც. თუმცა, ვფიქრობთ, რომ გერმანიისა და ლატვიის ბაზარს უახლოეს მომავალში სრულად მოვიცავთ.“

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

(Visited 249 times, 1 visits today)

კომენტარები