საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი წლიდან, სასწავლო პროგრამაში ახალი საგანი – სექსუალური განათლება შეიძლება შეიტანონ. იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა ეს ფაქტი სიმართლეს და ზოგადად, რა ცვლილებების განხორციელება იგეგმება სასწავლო სისტემაში, The Tbilisi Times საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლებში სექსუალური განათლების სწავლების პრაქტიკა შეიძლება დაინრეგოს. ეს სიმართლეს რამდენად შეესაბამება?

– ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ბიოლოგიის საგანში დღესაც მიმდინარეობს ისეთი თემების სწავლება, როგორებიცაა: რეპროდუქციული სისტემა, ნაადრევი ქორწინება, ნაადრევი ორსულობის შედეგები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ა.შ. ამდენად, გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც ამ თემას ბოლო პერიოდში მოჰყვა. რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ცალკე საგანი არ დაეთმობა, ის კვლავ ბიოლოგიის შემადგენელი ნაწილი იქნება და ვფიქრობთ, რომ კვლავ მე-8 კლასის პროგრამაში დარჩება.

ამჟამად, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესი მიმდინარეობს. მსგავსად დაწყებითი საფეხურის გადამუშავებისას (რომელიც შარშან დამტკიცდა), საბაზო საფეხურზე მუშაობის პროცესშიც ჩართულები არიან სხვადასხვა პროფესიის პირები და ორგანიზაციები. ბიოლოგიის საგნის სტანდარტის გადამუშავების პროცესში ჩვენი პარტნიორები არიან გაეროს მოსახლეობის ფონდი და გაეროს ბავშვთა ფონდი, რომლებიც ექსპერტული რესურსით გვეხმარებიან.

საბაზო საფეხურზე ვგეგმავთ, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემებთან ერთად კვლავ ისწავლებოდეს თემები გადამდებ დაავადებებზე (მაგ:სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე), განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ნაადრევი ორსულობის თანმდევ შედეგებზე. ასევე, უნდა ისწავლებოდეს ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელებიც სამოქალაქო განათლების საგანშიც შევა.

უახლოეს პერიოდში, სასკოლო განათლების სისტემაში, რაიმე ცვლილება თუ იგეგმება?

– სასკოლო განათლებაში ბევრი სასიკეთო ცვლილებაა დაგეგმილი. თუ ეროვნული სასწავლო გეგმის კუთხით დაგეგმილ ცვლილებებზე ვსაუბრობთ, მოგახსენებთ, რომ ვინაიდან ის არის ზოგადი განათლების უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ყველა სკოლისთვის სავალდებულოა, განტვირთული იქნება. უკვე დამტკიცებულია დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ძალაში მომავალი სასწავლო წლიდან შედის. სხვადასხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების კურსში საკითხებს – გარემოს დაცვა, საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერების საკითხები, კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარების თემები, ჯანსაღი კვება, ეკონომიკური უნარები, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრებისა და დაფასების უნარი, პატრიოტული გრძნობების გაღვივებას, კიდევ უფრო მეტი პრიორიტეტი მიენიჭება.

სასწავლო პროცესის ორგანიზების კუთხით, I-IV კლასებში ფიზიკური აღზრდის საათები გაიზრდება. კვირაში 2 საათის ნაცვლად, მას 3 საათი დაეთმობა, რაც მოსწავლეთა ფიზიკურ აქტივობას შეუწყობს ხელს. სიახლეები გვაქვს მოსწავლეთა შეფასების კუთხით: პირველიდან მე-5 კლასის I სემესტრის ჩათვლით, მოსწავლეებისთვის მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გვექნება.

მასწავლებლებს პროფესიული განვითარებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობები და რესურსები ექნებათ შეთავაზებული. განვითარდება ბანაკების პროგრამა და მასში ჩართული მოსწავლეების რაოდენობაც, შესაბამისად, გაიზრდება.

ნინო ზარიძე

(Visited 186 times, 1 visits today)

კომენტარები