ვინ და რატომ ებრძვის სინამდვილეში ქართულ ეკლესიას, მიტროპოლიტ ანდრიას მიმართვა მრევლს. (30 ივნისი, 2017 წელი).

“თბილისი თაიმსი” მიმართვას უცვლელი სახით გთავაზობთ:

„რადგანაც კაცის დიდება მამის პატივისცემაა და შვილებისათვის სირცხვილია შეურაცხყოფილი დედა“ (ზირაქ. 3,11).

წლევანდელი წელიწადი საიუბილეოა ჩვენი დედა-ეკლესიისთვის. უნდა გვიხაროდეს, ღმერთს ვმადლობდეთ და ერთმანეთს ვულოცავდეთ ავტოკეფალიის აღდგენიდან 100, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს. კი, ვმადლობთ უფალს მისი წყალობისათვის, ვულოცავთ მის უწმინდესობას და ერთმანეთსაც, ვავედრებთ ღმერთს საქართველოს და წმინდა ეკლესიას, მაგრამ სიხარულის გრძნობა თუ გვაქვს? პირადად მე, გულისტკივილს ვგრძნობ.

ყველაფერი რაც დღეს ხდება, არის საკმაოდ მძიმე და სამწუხარო. ეკლესიის ლანძღვა და „კრიტიკა“ კარგ ტონად მიიჩნევა ზოგიერთთათვის. დღეს, არ მოვერიდები ამ სიტყვის ხმარებას, ატეხილია ვაკხანალია, რაც არის ის მდგომარეობა, როცა გაბრუებულ ადამიანთა ჯგუფი, თავისი გაბრუებულობოთ განსაზღვრავს და აფასებს ვითარებას და რაც მთავარია, ცდილობს ეს შეფასება თავს მოახვიოს დანარჩენ საზოგადოებას. ვინ დგას ამის უკან ჩემთვის უცნობია. მარჯვნივმყოფები, თუ მარცხნივმყოფები, ლიბერალები, თუ კონსერვატორები, სოროსისტები თუ პრორუსები, ეს არ ვიცით და ამას ალბათ ვერც გავიგებთ, ისე, როგორც ვერ გავიგეთ, თუ ვინ მოკლა პატრიარქი კირიონი, მაგრამ ერთი რაღაცა ნიშანდობლივად მოსჩანს, რომ ყველა ანტისარწმუნოებრივი ძალები გაერთიანდა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და არ იშურებენ სახსარს, ნიჭს, ყბედობის ტალანტს, რომ ეკლესია გალანძღონ, თანაც ამას აკეთებენ მიკერძოებულად, ჭორისა და სიმართლის შერევით, საქმის ვითარების არცოდნოთ და სურათის არასრულად წარმოჩენით, არაკომპეტენტური არგუმენტაციით და მათეული ინტერპრეტაციით. ყველაფერი ეს გათვლილია ადამიანთა ემოციაზე, მითუმეტეს ისეთ ემოციაზე, როგორიც დამახასიათებელია ქართული საზოგადოებისათვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკლესიაში არ არის პრობლემური საკითხები. არის. არის, ისე როგორც ყველა ინსტიტუციაში, სადაც ადამიანები არიან, ისე როგორც ყველა ოჯახში, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ის რაც ამჟამად ხდება, არ არის გულშემატკივრობა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სენსაციისა და განკითხვისათვის მასალების შეკრება და ამ მასალების, ზოგ შემთხვევაში, სრულიად უსამართლო ბრალდებით, ზოგ შემთხვევაში კი ცილისწამებით, ან შეცდომებით წარმოჩენა საზოგადოების წინაშე. დღეს ყველა ეძებს დიდებას და რატომღაც ამ ძიებაში არ უფიქრდება, თუ როგორ დიდებას მოიპოვებს ის, დიდებას თუნდაც ამქვეყნიურს, მაგრამ სილამაზით და ღირსებით შემკულს, თუ დიდებას, რომელიც ღირსების ზღვარს ქვევით დგას. დღეს ჩაიდინე რამე არაორდინალური, დანაშაული, უღირსი და უზნეო საქციელი, გააქილიკე წმინდათაწმინდა, შეურაცხყავი ავტორიტეტული სახელი და ყველა შენზე ილაპარაკებს, ყველა არხი ამას გააშუქებს, სოცქსელში ფანები გეყოლება, მაგრამ თუ გააკეთე სიკეთე და რამე დადებითი, ე.წ. პიარის გარეშე, მაშინ აღმოაჩენ, რომ არავის არ აინტერესებს შენს მიერ გაკეთებული სიკეთე. ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ დადებით მოვლენებს, რომელიც უკავშირდება ეკლესიას, სატელევიზიო არხები და პრესა არ აშუქებს, არ აინტერესებთ, არ ჭირდებათ. პრობლემები არის საქართველოს ეკლესიის წინაშე, მიმდინარეობს მათი მოგვარება. ვიღებთ და კვლავაც მივიღებთ შენიშვნას, რჩევას, დახმარებას იმ ადამიანებისაგან, რომლებიც არიან გულშემატკივარნი და არა განმკითხველნი, ჭირისუფალნი და არა ჩასაფრებული კრიტიკოსები. ბევრი გამოჩდა ეკლესიის გარეთ მყოფნი და ისეთნიც, რომლებიც თავს ეკლესიის წევრებად წარმოაჩენენ, (ხშირად ექსპერტებს უწოდებენ თავიანთ თავს), თუმცა მათი სულისკვეთება არის წუთისოფლისა, ამიტომაც მრავალათ აბრკოლებენ და საცდურს უგებენ. მათზე ამბობს მოციქული: „ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთოებასა და უსამართლობაზე, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას“ და „რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული“ (რომ. 1,18;21). გულწრფელად მოაზროვნე კაცი ხელაღებით არ განსჯის, აწონ-დაწონის ყოველივეს და შემდეგ ფრთხილად გამოთქვამს თავის აზრს, რადგან ცხოვრებისეული გამოცდილებით მას ნასწავლი აქვს, რომ მრავალ საკითხში სულგრძელებაა აუცილებელი.

წმ. პავლე ბრძანებს: „თუ ზოგიერთებს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღვთის რწმენას? არამც და არამც! ღმერთია ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი ცრუ, როგორც სწერია: რადგან მართალი ხარ შენს სიტყვებში, გამართლებული ხარ შენი განკითხვისას“ (რომ. 3,3-4). ვსვამ კითხვას – საქართველოს ეკლესიას, ოდესმე, უღალატია ქრისტიანული დოქტრინისათვის? თითქოს ჩვენმა საზოგადოებამ დაივიწყა ის სიკეთე, რაც საქართველოს ეკლესიამ გააკეთა ამ ბოლო წლების მანძილზე, ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა, არა მატერიალურ, არამედ სულიერ სიკეთეს, რომელიც იქნა მოტანილი საქართველოს ეკლესიის წინამძღოლის კათოლიკოს-პატრიარქის ილია II და მისი თანამოღვაწეების მიერ ათწლეულების მანძილზე. ჩვენი ერი, რომელმაც ბევრი ისტორიული ვნებათაღელვა გამოიარა, ბოლო 30 წლის მანძილზე კათოლიკოს-პატრიარქის მიერ იყო ნაფუფუნები და აღზრდილი საოცარი რუდუნებით, განსაკუთრებული გაფრთხილებით. თუნდაც, რაც დღეს ხდება, ბნელსა შინა მყოფნი, ნათელზე გამოვედით და ვიხილეთ რა ნათელის პირველი სხივები, დავიწყეთ განკითხვა და დაპირისპირება იმ ცოცხალი სხეულისა, იმ ინსტიტუტისა, რომელმაც ეს ნათელი სხივი ჩვენს საზოგადოებაში შემოუშვა. გავიხსენოთ ბოლო წლების ჩვენი ერისათვის მნიშვნელოვანი ყოველი მოვლენა, სამოქალაქო თუ პოლიტიკური მწვავე ურთიერთ დაპირისპირება, ომი თუ ეროვნული ფასეულობების საკითხი, რომელშიც საქართველოს ეკლესია, მისი წინამძღოლი თავის ერსა და ქვეყანას გვერდში არ ედგა. გავიხსენოთ მისი მოწოდება და მუდმივი ძალისხმევა ერის მშვიდობის და ურთიერთ სიყვარულისა, მისი შემწყნარებლობა და პატივისცემა უცხო ეროვნების თუ აღმსარებლობის ადამიანთა მიმართ; გავიხსენოთ მისი ზრუნვა მრავალ შვილ მკვდარ, გაუბედურებულ, ახლობელ დაკარგულ თუ მატერიალურად შეჭირვებულ ადამიანებზე. რამდენმა გამოიარა საპატრიარქოს კედლებში, რამდენს აღუდგენია თავისი სულიერი და ფიზიკური ძალები პატრიარქის კურთხევით, მისი თანადგომით; გავიხსენოთ რამდენი მივიწყებული თუ გადაშენების პირას მყოფი ისტორიული ხელოვნების დარგი და სამეურნეო მიმართულება, ქართული საგალობელი, მცენარეული ჯიში თუ სხვა მრავალი რამ აღორძინდა და კვლავ პოპულარული გახდა პატრიარქის უშუალო მეცადინეობით და ლოცვა-კურთხევით, ხოლო მისი უწმინდესობის მხარდაჭერა ქართული მეცნიერებისადმი ყოველთვის იყო თვალსაჩინო და მტკიცე; საქართველოს ეკლესიის ქადაგებით და პატრიარქის მოწოდებით ათი ათასობით ბავშვის ციცქნა სხეული გადაურჩა დაგლეჯას და ნაგავსაყრელში გადაგდებას; ამ წლების მანძილზე თუ ვინმე გაიხსენებს მღვდელმთავარს, ან მღვდელს, რომელსაც სულიერი ნუგეში არ მიუცია გამწარებული, სულიერად დაცემული ადამიანისათვის, არ შეუნდვია ცოდვა მონანული მკვლელისთვის, ქურდისთვის, მრუშისთვის, მამათმავალისთვის, თუ სხვა მრავალი ცოდვის მატარებელი ადამიანისათვის, არ უზიარებია ყოფილი ათეისტი ან ღვთისმგმობი ადამიანი; გავიხსენოთ სასულიერო პირი, რომელსაც უქადაგია, რომ ცოდვა, ეს არის სიკეთე, რომ ცოდვა ღირსებას შესძენს ადამიანს, რომ ცოდვა ბედნიერს ამყოფებს საზოგადოებას. არის ასეთი სასულიერო პირი? მე ვერ ვიხსენებ.

რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის ქონებას. „რომელ ჯარისკაცს უმსახურია ოდესმე საკუთარ ხარჯზე? ვინ რგავს ვაზს და მისი ნაყოფისაგან არ ჭამს? ვინ მწყესავს ფარას და ფარის რძეს პირს არ აკარებს?“ (1კორ. 9,7). რომელი ეკლესიის ქონებაზე არის საუბარი, იმ ეკლესიის, რომელიც თითქმის 200 წელი ნადგურდებოდა, დაწყებული 1801 წლიდან, იმ პერიოდიდან, როცა დაიწყო რეფორმები საქართველოს ეკლესიაში, ხოლო 1811 წლიდან, უკვე სრულიად ხელფეხგახსნილი მოქმედებდა საიმპერატორო მთავრობა; რომელი ეკლესიის ქონებაზე არის საუბარი, როცა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა არ ეძიებდა მასთან კავშირს და პირიქით, დარჩენილ ქონებასაც ართმევდა მას; რომელ ეკლესიის ქონებაზე არის საუბარი, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი ზოგ შემთხვევაში იძულებული იყო, რომ შესამოსელისათვის ნაჭრები მთავრობისთვის ეთხოვა და ეკლესიის სიწმინდეები ტაძრიდან, მძარცველებისაგან დასაცავად, სახელმწიფო მუზეუმებში გადაეტანა. იმ ეკლესიის ქონებაზე ვსაუბრობთ, რომელსაც ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში მრავალი ეპარქია ყავდა საკათედრო ტაძრისა და საეპისკოპოსო სახლის გარეშე. 20 წელზე ცოტა მეტია, რაც მიდის ეკლესიის აღმშენებლობა. დავაკვირდეთ მღვდელთავართა, სამღვდელოთა, სამონაზნოთა, მედავითნე-მგალობელთა, ეკლესიურ ადამიანთა შრომას და თუ თვალი ძალით არ დავიბრმავეთ, ვნახავთ, რამდენი არამატერიალური და მატერიალური დოვლათი შექმნა ეკლესიამ ამ წლების მანძილზე, რამდენი ადამიანი დაასაქმა, რამდენი სულიერების ცენტრი შექმნა, რამდენი საგანმანათლებლო კერა ჩამოაყალიბა. ეს ყოველივე ძირითადად იქმნებოდა ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით, რომელთა ნაწილი ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამ პროცესში სახელმწიფოც იღებდა მონაწილეობას. ადამიანებმა თავისი სურვილით გაიღეს მოწყალება, მთავრობის წევრებმა მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება და რაც შეიქმნა ეკლესიის წიაღში – ტაძარი, მონასტერი, სკოლა, პანსიონი, გიმნაზია, სულიერებისა და განათლების ცენტრი, საკვირაო და სამრევლო სკოლა, სამონასტრო მეურნეობა ან სხვა რამ, საქართველოს შიგნით თუ გარეთ, ყოველივე ეს არის ეპისკოპოსის, მღვდლის ან მონაზონის კუთვნილება? ყველაფერი ეს ქვეყნის კუთვნილება და ეკლესიის საკუთრებაა, ისე როგორც საქართველოს ეკლესიის და ქართველი ერის კუთვნილება არის ალავერდი, სვეტიცხოველი, გრემი, გელათი, წალენჯიხისა და მარტვილის ტაძარი, ატენის და ბოლნისის სიონი და სხვა მრავალი. ზოგ შემთხვევაში გვრჩება შთაბეჭდილება, რომ დღეს თუ ამ სიწმინდეებს ყავს პატრონი, უშუალოდ მომვლელი და გულშემატკივარი, ვიღაცეებს ეს არ მოსწონთ და არც უნდათ. ზოგჯერ შეხვდები კარგ, ნიჭიერ, წარმატებულ ადამიანებს, მაგრამ შორს მყოფთ სარწმუნოებიდან, რომელთათვის სვეტიცხოველი და გელათი, ხატი, ბარძიმი თუ ჯვარი, მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური კულტურის მშვენიერ ნიმუშს წარმოადგენს, ზეციურ მადლთან და მარადისობასთან კავშირის გარეშე. არაფერს ვამბობ იმათზე, ვინც თავისი ბოროტი განზრახვით, ან უმეცრებით და უგუნურებით არის მომდგარი ეკლესიას და ლანძღავს მას. როგორც ჩანს, გვირჩევნია, რომ ჩვენს ტაძრებში იყოს თეატრი, მუზეუმი, საკონცერტო და სპორტული დარბაზი, აბანო, სატუსაღო და ყველაფერი ის, რაც ცოტა ხნის წინ გამოვიარეთ. კვლავაც გვხვდება კოსმოპოლიტი ბოლშევიკებისა და სწავლული ათეისტების იდეოლოგია ახალ ფორმებსა და ლოზუნგებში. დღეს რეალურად, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ფარგლებში ხორციელდება სრულიად საქართველოს იურიდიული (საყოველთაოდ აღიარებული) და სულიერი გაერთიანება. ვისაც ეს არ ესმის და ებრძვის ეკლესიას, სახელმწიფოსაც აყენებს დიდ ზიანს.

„სიტყვაშია პატივიც და უპატიობაც, და ენაა კაცის დამმხობი“ (ზირაქ. 5,13). მოკლედ შევეხები მიმდინარე მოვლენებს, სადაც უდავოდ მოსჩანს ის, რომ სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცისთვის გამოთქმულ ნებისმიერ სიტყვას გააჩნია განსაკითრებული მნიშვნელობა, რაც დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ამიტიმაც უნდა ვიყვეთ ყურადღებიანი, დაფიქრებულნი თითოეული წარმოთქმული თუ დაწერილი სიტყვის მიმართ. დღეს მასმედიის საშუალებით, ეკლესიასთან მებრძოლი ძალები, მოხერხებულად „უჭერენ მხარს“ მეუფე პეტრეს, ამეტყველებულ გმირად და „ცოდვის მორევში“ ჩაფლულ საპატრიარქოს დანარჩენ წევრებთან მებრძოლად ხატავენ მას, რითაც ეკლესიაში ქმნიან დაპირისპირების სახეს და ცდილობენ უნდობლობის შემოტანას, ხოლო საბოლოოდ კი, სავარაუდოდ, განხეთქილების მცდელობასაც კი უმიზნებენ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამ განხეთქილების, არც მომხრე და არც მხარდამჭერი თავად მეუფე პეტრე არ არის და არც იქნება, ტყუილად იმედოვნებენ მავანნი; მეორე – ასეთი სახით, ასე ცალმხრივად მოვლენის გაშუქება და ამის მუდმივი ტრიალი, წერტილ-მძიმის გადაღეჭვით, წარმოაჩენს სხვადასხვა არხის და ტელეჟურნალისტის მიკერძოებას და შეკვეთის არსებობის ეჭვს აჩენს; და მესამე, ყველა შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებული რიგი ინფორმაციის დაუზუსტებელია, რაც თავად მეუფეს უნდა გადაემოწმებინა. სამწუხაროდ, სიტყვა ითქვა და აწ უკვე მრავალგზის, სხვადასხვა ინტერპრეტაციებით მეორდება. მსურს რამდენიმე მაგალითის მოყვანა: ერთერთ საუბარში მეუფე პეტრემ ახსენა საქართველოს ეკლესიის უმოქმედობა მღვდელ თეოდორე ჩიხლაძის საქმესთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეკლესიამ არაფერი გააკეთა მის დასაცავად. მაგრამ მე ვამბობ, რომ იმის თაობაზე, თუ რა გააკეთა ეკლესიამ, რა გააკეთა კათოლიკოს-პატრიარქმა იმ დროს, საბჭოთა კავშირის პირობებში, მას სინოდის სხდომაზე გასცეს პასუხი. სამწუხაროდ, მეუფე პეტრემ ეს პასუხი ხმამაღლა არსად არ დააფიქსირა (ჩემთვის ცნობილი არაა ამის შესახებ, ხოლო თუ სხვაგვარადაა საქმე, მეუფე პეტრეს აქვე ვთხოვ შენდობას) და დღეს ბრალდების ნიაღვარი მოედინება, რომ ეკლესია არ იცავს თავის სასულიერო პირებს. მეორე მაგალითი: გაიჟღერა, რომ საქართველოს ეკლესიამ უარი უთხრა, ერთ-ერთ სასულიერო პირს, წარმოშობით არაბს, თავისი მრავალრიცხოვანი მრევლით საქართველოს საპატრიარქოს წიაღში მიღების თაობაზე, რომ ეს საკითხი იყო განხილული რამდენიმე იერარქთან და არსებობდა კათოლოკოს-პატრიარქის სავარაუდო კეთილგანწყობაც, მაგრამ საკითხი ჩაიშალა პატრიარქის მდივან-რეფერეტის ქ-ნ შორენა თეთრუაშვილის ჩარევის და პატრიარქის გადარწმუნების გამო. პირადად მაქვს მეუფე პეტრესთვის ნათქვამი (მეუფის ინტერვიუს შემდეგ შედგა ეპისკოპოსების რამდენიმე შეხვედრა) და ახლაც ვიმეორებ, რომ იმ პიროვნების მიღება საქართველოს ეკლესიაში მიმაჩნია ეკლესიისთვის საფრთხის შემცველად და როგორც კი გავიგე ამ საკითხის შესახებ, ჩემი დამოკიდებულება მოვახსენე კათოლიკოს-პატრიარქს (ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ვისაც ეს აინტერესებს). იმ დღესვე, ასეთივე აზრი გამიზიარა რამდენიმე მღვდელმთავარმა. ვფიქრობ, მეუფე პეტრესთვის, ჩემი და სხვა ეპისკოპოსების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არ იყო ცნობილი, მაშინ როცა მან ეს ინტერვიუ მისცა. ამიტომაც მან თავის გამოსვლაში ცალმხრივად ასახა ეგ მოვლენა. აქვე დავსძენ, რომ სინოდის წევრებს შორის ძირითად საკითხებში ერთობაა, მეუფე პეტრე ჩვენი ძმა და თანამწირველია, ჩვენ ყველა ერთად

დავძლევთ არსებულ განსაცდელს და ერთად ვივლით ღვთისკენ მიმავალ გზაზე.
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით კი მიმაჩნია, რომ წერილი – საპატრიარქოში არსებული დარღვევების შესახებ, რომლიც მასმედიაში მისი სახელით გავრცელდა და ის წერილი, ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც, როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, მ. გიორგი წმ. სინოდისათვის წარსადგენად ამზადებდა, ერთმანეთისაგან განსხვავდებიან (ან შესაძლოა არსებობდა წერილის რამდენიმე ვარიანტი). ამ ვარაუდის გამოთქმის უფლებას მაძლევს ის, რომ სიტყვიერად მას ჩემთან ეს კონკრეტული საკითხი სხვაგვარად ქონდა განხილული. დეკანოზი გიორგი იყო მონდომებული და საქმის კეთების უნარით დაჯილდოებული ადამიანი, მაგრამ ვთვლი, რომ ეკლესიის მოწინააღმდეგე ძალებმა შეცდომაში შეიყვანეს იგი (და ასევე სხვებიც), სათავისოთ გამოიყენეს მისი აქტიურობა და დღეს საქართველოს ეკლესიასთან და იერარქიასთან დაპირისპირებულად წარმოაჩენენ მას. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო პროცესი წარიმართება სამართლიანად.
აუცილებელია, ყოველი მხრიდან შეწყდეს ამ მტკივნეული თემის მიმართებაში პიარკომპანიებისა და მიკერძოებული ინსინუაციების კორიანტელი და საზოგადოებას სიმართლე ეუწყოს. ყველას გვეხება ბიბლიის სიტყვები: „წყეულიმც იყოს ორპირი და ცილისმწამებელი, რადგანაც ბევრი მშვიდობიანი ხალხი დაღუპეს“ (ზირაქ. 28,13).

სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს სასულიერო პირები, რომელთაც აქვთ ჩადენილი სხვადასხვაგვარი დანაშაული, გვყავს ისეთებიც, რომელთა ზნეობრივი ცხოვრება მოითხოვს გამოსწორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკლესიამ ამ პირთაგან უნდა შეძლოს განთავისუფლება. ჩვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთა ქცევა არ შესააბამება ქრისტიანულ ეთიკას და სასულიერო პირის ქცევის ნორმას. რაც ხდება, ამაზე ყველაფერზე, პირველ რიგში უნდა დავფიქრდეთ ჩვენ, ეკლესიის წევრები, მღვდელმთავრები, სამღვდელოება, ბერმონაზვნობა და მორწმუნე მრევლი. უნდა დავინახოთ ჩვენი შეცდომაც, ჩვენი ცოდვაც, რამეთუ ნათქვამია: „…ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამჯავროს? თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, თავშეკავებისა და სულგრძელების სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისაკენ მიყევხარ?“ (რომ. 2.4). გამოსავალი არის კვლავ და კვლავ ღმერთში, ღმერთთან ერთად ყველა სირთულის დაძლევაში, სინანულში და ლოცვაში. პატიოსნად, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით ვემსახუროთ ერსა და მამულს, განვეშოროთ კამათსა და შფოთს, ურთიერთ სიმძიმე ვიტვირთოთ და მუდმივად გვახსივდეს, რომ შველა მხოლოდ წმ. წერილის სიტყვების აღსრულებაშია ,,რადგანაც რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთთან, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართლდებიან“ (რომ.2,13) და კიდევ, გვახსოვდეს: „ისიც დამამცირებელია თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ ნაწყენად დარჩენას? რატომ არ არჩევთ დაზარელებულად დარჩენას?“ (1კორ. 6,7).

ამ თვეების განმავლობაში, ჩემთვის ახლობელი ადამიანებისაგან და ისეთებისაგანაც, ვისაც პირველად ვხედავდი, მოვისმინე ბევრი აღელვებული და სევდიანი სიტყვა, მათში დავინახე დაეჭვება, შევხვდი აგრესიასაც და ვხედავ რა, რომ არ ცხრება ეკლესიისა და სასულიერო პირთა მიმართ ინსინუაციები, გადავწყვიტე ასეთი სახით მიმემართა ეპარქიის სამწყსოსთვის. თავი არ მიმაჩნია აპოლოგეტად, არც წმინდა და სანიმუშო ვარ, გახლავართ ცოდვილი და მიყვარს ცოდვილი, მსგავსი პეტრე მოციქულისა, მარიამ და ტიმოთე ეგვიპტელთა, დემეტრე თავდადებულისა, ბერი გაბრიელისა, რომელიც დედა-ეკლესიის წევრად გრძნობს თავს. სწორედ ამ და სხვა მრავალი უხრწნელი სიკეთის გამო მსურს სიტყვითაც დავიცვა ჩემი დიდებული ეკლესია და მათთვის ვინც (უნებლიეთ ან დაუფიქრებლობით) შფოთი შემოიტანა ადამიანთა სულში, გეტყვით პავლე მოციქულის სიტყვებს: „თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რამდენადმე გადაჭარბებულად რომ არ ვთქვა, თქვენ ყოველნი. ასეთისათვის საკმარისია ეს სასჯელი მრავალთაგან. ესე, რომ პირიქით, აპატიეთ და ნუგეში ეცით, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქას“ (2კორ. 2.5-7). ხოლო ვინც მიზანმიმართულად აცდუნებს მრავალთ არასწორი მოძღვრებით, ცრუ სწავლებით, ასევე ტყუილის სიტყვით, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ დააბნელოს კაცთა გული და გონება და ღმერთს მოსწყვიტოს ის, ვთხოვ ყველას, სასულიეროსა და საერო პირს, ამგვარს ნუ ათხოვებთ ყურს, მათზეა ნათქვამი: „ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა მონაწილეობა აქვს სიმართლეს ურჯულოებთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან? რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?“ (2კორ. 6,14,15) და „ნუ დაიბნევით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (1კორ. 15,33).

ერთი რამ გვახსოვდეს ქრისტესმიერ საყვარელნო – „ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია“ (1კორ. 15,26), ყველანი დავტოვებთ ამ წუთისოფელს, წარვდგებით ღვთის წინაშე და ყველას იქ გაგვეცემა პასუხი ჩვენი ქმედებებისათვის. „მაშ, ძმებო, იხარეთ და განმტკიცდით, თავი ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანნი, მშვიდობიანნი, და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება“ (2კორ. 13,11). ამინ.
მადლობა ჩვენს დედა-ეკლესიას მისი მარადიული წყალობის მუდმივი მონიჭებისთვის, მადლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მისი შრომისა და თავდადებისათვის, მრავალსა წელსა მრავალჟამიერ.

ვითხოვ შენდობას და ვესავ თქვენს ლოცვებს. ქრისტესმიერი სიყვარულით გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია.”

(Visited 103 times, 1 visits today)

კომენტარები