ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. სახელმწიფო, გარკვეული პროგრამებით, ამგვარ ადამიანებს ეტაპობრივად ეხმარება. ამჟამად, ჯანდაცვის სამინისტრო ახალი ინიციატივით გამოვიდა. საქართველოში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა და ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ.
ეს დაავადებებია:
• მაღალი არტერიული წნევა
- გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები
- დიაბეტის მე-2 ტიპი
- ფილტვების ქრონიკული დაავადებები
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
მედიკამენტების ღირებულება კი სიმბოლურად თვეში მაქსიმუმ 1 ლარი იქნება.
ხოლო, საყოველთაო პროგრამის ჯუფები და დაფინანსები პირობები ამგვარად განისაზღვრა:
საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, არჩევანის საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქეებისთვის პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტის ქონის მიუხედავად, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა შეუნარჩუნდებათ. კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპია. ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე, თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით. აგრეთვე, მათ მიეცემათ გარდამავალი ეტაპის პრივილეგია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ კატეგორიაში შემავალი მოქალაქე შეიძენს კერძო სადაზღვევო პაკეტს, პროგრამის ფარგლებში ურგენტული სერვისები უცვლელად მიეწოდებათ. ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მართვაც (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, პედაგოგებსა და შშმ პირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. ამასთან, მათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება არ ეზღუდებათ.
მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით განისაზღვრება.
ნინო ზარიოძე