საქართველოს მასშტაბით, მიწის ტერიტორიების აუთვისებლობა და არაპროდუქტიულობა ერთ-ერთ მწვავე საკითხს წარმოადგენს. ამ  პრობლემის გადასაჭრელად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 1 წელია, რაც ,,მიწათსარგებლობის“ პროგრამა დაიწყო. პროექტი ახლაც გრძელდება, მისი ხანგრძლივობის ვადა 3 წელს შეადგენს. როგორც დარგის სპეციალისტები იუწყებიან, აღნიშნული პროგრამა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესების საწინდარი იქნება. უფრო ვრცლად „მიწათსარგებლობის“ პროექტის შესახებ “თბილისი თაიმსს” გარემოს დაცვის სამინისტროში ესაუბრნენ.

რას მოიცავს პროექტი “მდგრადი მიწათსარგებლობის პრაქტიკის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე“?

– საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გაეროს გარემოსდაცვით პროგრამასთან (UNEP) ერთად ახორციელებს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) პროექტს სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა  მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“. პროექტის აღმასრულებელი  კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრია.

პროექტი 3 კომპონენტისგან შედგება:

  1. მიწის მდგრადი მართვის სფეროში პოლიტიკური, მარეგულირებელი და ინსტიტუციური რეფორმები
  2. მიწის მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკის სისტემაში დანერგვა
  3. ეროვნული შესაძლებლობების განვითარება და ცოდნის მართვა.

თითოეული კომპონენტი კონკრეტულ შედეგებს  ითვალისწინებს:

1) ეროვნულ დონეზე მიწის რესურსების მდგრადი მართვის შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური  ჩარჩოს შემუშავება. მაგ. აგროსატყეო (ქარსაცავების მართვა), ნიადაგის დაცვისა და საძოვრების მართვის საკითხებში საკანონმდებლო ცვლილებები. ამ მიზნით,  მიწის  მდგრადი მართვის, ქარსაფარი ზოლების, საძოვრებისა და გადასარეკი ტრასების მდგრადი პოლიტიკა  და საკანონმდებლო პაკეტი, ეროვნული უწყებებთან  ერთად შემუშავდება(გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო).

ასევე, მომზადდება მიწის დეგრადაციის  საინფორმაციო ბაზა-ვებ-პორტალი  რუკებთან ერთად, 1:200.000 მასშტაბით მთელი ქვეყნის ტერიტორიისთვის, რომელიც როგორც სამთავრობო დაწესებულებებისთვის, ასევე  სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

2) შერჩეული იქნა 4 მუნიციპალიტეტი (გარდაბანი,ახმეტა,დედოფლისწყარო და სიღნაღი), სადაც  განხორციელდება პილოტური პროექტები დეგრადირებული ნიადაგების აღდგენის, ქარსაცავი ზოლების რეაბილიტაციისა და საძოვრების მდგრადი მართვის კუთხით.

3) მიწის რესურსების მდგრად მართვაზე მოხდება შესაძლებლობების გაძლიერება. ეს კომპონენტი  სსიპ. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ხორციელდება. ჩატარდება ტრენინგები  ფერმერებისთვის, ( 100 ფერმერი გადამზადდება), ასევე ტრენინგები დაგეგმილია გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის (თვითმმართველობებისა და ადგილობრივი ორგანოების დონეზე). მომზადდება მასალები მიწის მდგრადი მართვის სფეროში ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, რომელიც  ყველა დაინტერესებულ პირს გადაეგზავნება.

როგორ ფიქრობთ, მოცემული ინიციატივა რამდენად გაამართლებს?

– პროექტის შედეგად  საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, რაც მიწის მდგრადი მართვის საკითხების დარეგულირებასა და აღსრულებას შეუწყობს ხელს. დეგრადირებული ნიადაგების აღდგენა, ქარსაფარი ზოლების რეაბილიტაცია და საძოვრების მდგრადი მართვის ელემენტების დემონსტრირება კი, თავის მხრივ, საქართველოს 4 საპილოტე რეგიონში მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვას შეუწყბს ხელს. ასევე, შეამცირებს ნიადაგის დეგრადაციას,  სოფლის მოსახლეობის სოციალური პირობებს კი- მიწის პროდუქტიულობის გაზრდის გზით გააუმჯობესებს.  

ნინო ზარიძე

 

(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*