ეკლესიაში უამრავი ცრურწმენა არსებობს. ზოგიერთ სადღესასაწაულო დღეებში ერიდებიან სახლის დალაგებას, თმის შეჭრას, ნემსის აღებას ან სხვა მსგავსი საქმეებით დაკავებას, მაგრამ ცოტა თუ ინტერესდება, საიდან მოდის ასეთი წარმოდგენები და რამდენად აქვთ მათ კავშირი რელიგიასთან. სახარებაში ქრისტე ამბობს: „შაბათი კაცისთვის და არა კაცი შაბათისთვისო“, რასაც ქცევებითაც არაერთხელ ადასატურებს. საკვირველია, რომ ორი ათასი წლის შემდეგ საეკლესიო ცხოვრება და ღმერთთან ურთიერთობა ისევ მექანიკური, შინაარსდაცლილი მოქმედებების ერთობლიობას ჰგავს. ისინიც კი, ვინც ტაძარში რეგულარულად დადიან, ხშირად ერთმანეთს არასწორად მიუთითებენ ამა თუ იმ ქცევაზე. თუმცა თუ მიზეზს იკითხავთ, ვერ გიპასუხებენ, რაც იმის ნიშანია, რომ მათ მიერ ღვთისადმი მიძღვნილმა დრომ, დიდი ალბათობით, უკვალოდ ჩაიარა.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე „თბილისი თაიმსს“ ცრურწმენების იმ ფორმების შესახებაც ესაუბრა, რაც, ერთი შეხედვით, შუმჩნევევლია, რაც იმდენად გავითავისეთ, რომ ვეღარც კი ვაცნობიერებთ ცდომილებას, რომელშიც ვიმყოფებით. სახარებაში ქრისტეს კიდევ ერთ საინტერესო მოწოდებას ვხვდებით: „წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი“. წყალობა შესაძლოა ნებისმიერი მოქმედება იყოს ღვთის ან ერთმანეთის სასიკეთოდ შესრულებული, წყალობა ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატულებაა, რასაც გააზრებით ვაკეთებთ, წყალობა ის ორი ლეპტაა, მოხუცმა ქალმა რომ გაიღო, ხოლო მსხვერპლი შემოსავლის მეათედია, რაც ფარისეველმა შეწირა. ალბათ იკითხავთ, რა კავშირი აქვს ამ მაგალითს ცრურწმენასთან? ცრურწმენა მთავარ მიზანს, ღმერთს აცდენილი, ანაგარებიანი ქცევაა და მის ერთ-ერთ უკიდურეს ფორმას ფანატიზმი წარმოადგენს.
თქვენ ალბათ ბევრი ცრურწმენა შეგინიშნავთ ეკლესიაში. ქრისტიანული თვალსაზრისით რა არის ცრურწმენა?
– ცოდვით დაცემული ადამიანის ბუნება ბევრ რამეში ავლენს თავს, მათ შორის, ცრურწმენებისკენ მიდრეკილებაში, რაც კერპთთაყვანისმცემლობის გარკვეული გამოვლინებაა. ადამიანს უჭირს გაიაზროს ცოცხალი, ჭეშმარიტი ღმერთი, რაც სერიოზულ ფერიცვალებას მოითხოვს. ადამიანს ურჩევნია, ურთიერთობა ჰქონდეს მის მიერვე ცნობიერებაში გამოგონილ ღვთაებასთან, რომლესაც გარკვეული გარეგანი ცხოვრების წესით გულს მოულბობს. თვით ეკლესიის წიაღშიც კი ადამიანებს უჭირთ აღქმა იმისა, რომ ღმერთი ცოცხალი არსებაა და მასთან პიროვნული ურთიერთობის გარეშე ქრისტიანობა უბრალოდ წარმოუდგენელია. სანთელი რამდენი უნდა დაანთო, როგორ ჩააქრო, როგორ დადგე და სხვა უამრავი ნიუანსია, რითაც ადამიანები თავიანთ ცრურწმენებს გამოხატავენ. თავისთავად, გარეგანი კეთილმოწესეობა აუცილებელიც კია, რადგან ადამიანი თავის რელიგიურობას, მსოფლფლმხედველობას თუ შინაგან სამყაროს გარკვეული ფორმებით გამოხატავს. ორი ათასი წლის განმავლობაში და კიდევ უფრო ადრე, ძველი აღთქმიდან მოყოლებული, ქცევისა და გამოხატვის წესები დაიხვეწა. გარეგან ფორმებში ცუდი არაფერია, მაგრამ როცა ეს ხდება პირველადი, მაშინ უკვე სახიფათოა.
როდის იჩენს თავს ცრურწმენებისკენ მიდრეკილება და რაში ვლინდება?
– როგორც კი ადამიანს ჭეშმარიტი სარწმუნოება მოაკლდება, იმ წამსვე გამოვლინდება, რომ ცრურწმენებისკენ არის მიდრეკილი. ეს შეიძლება ეხებოდეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხს როგორიცაა ლოცვის ტექსტი. თუ ადამიანი არ იაზრებს, რას კითხულობს, თუ ლოცვის ყოველი სიტყვა არ ხდება ადამიანის გულის და სულის მოთხოვნილება, თუ ეს ტექსტი მხოლოდ იმიტომ წავიკითხე, რომ ღმერთს გული მოვულბო, მაშინ როცა ჩემი შინაგანი მდგომარეობა ძალიან შორს დგას ამ ტექსტისგან, ესეც შეიძლება ცრურწმენის გამოვლინებად ჩავთვალოთ. „მამაო ჩვენოს“ შინაარსი, რომელიც სახარების ტექსტია, ბევრისთვის გაუგებარია. ადამიანებს არ ესმით, რას სთხოვენ ღმერთს, როცა ლოცულობენ. ეძებო ღვთის ნება, ადვილი სულაც არ არის – ჩვენ მენტალურად ვაღიარებთ, რომ ქრისტე განკაცებული ღმერთია, მაგრამ არ ვენდობით, მცირე განსაცდელიც კი გვაეჭვებს მის ღვთაებრიობაში, რაც ურწმუნოებაში გვამხელს.
როცა ლოცვის და საეკლესიო ცხოვრების მოტივაცია არის ის, რომ ღმერთისგან რამე მივიღოთ, მაშინ იბადება ცრურწმენა. ღმერთს შეიძლება ყველაფერი სთხოვო, მაგრამ თუ აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ღმერთისგან სულ რაღაცის მიღება გინდა, უფალი მაშინ გვეუბნება, რომ ასე წარმართები ლოცულობენ. უფალი გვეუბნება, რომ მან მანამდე იცის, სანამ ვითხოვთ. მაშინ დაგებადებათ კითხვა, რა უნდა იყოს ლოცვის მოტივაცია – ლოცვის მოტივაცია უნდა იყოს ღმერთთან ყოფნისა და მასთან პიროვნული ურთიერთობის სურვილი, „მე შენთან მინდა ყოფნა“ – სხვა არსობრივი მოტივაცია ლოცვას არ აქვს, ყველაფერი დანარჩენი ამაზეა დაშენებული.
ამ დროს ეკლესიაში დაკნინებულია ქრისტოცენტრული აზროვნება. ხშირად სახლებშიც, სადაც სადაც ხატები აქვთ დაბრძანებული, ქრისტეს არ უკავია ცენტრალური ადგილი, რაც ძალიან უცნაურია, რადგან ღმერთი მოვიდა ადამიანად და დაგენახა, ამიტომ ის უნდა იყოს ყველაფრის ცენტრში. ქრისტოცენტრული აზროვნების დეფიციტი წარმოშობს იმას, რომ ადამიანებს არასწორად ესმით წირვა და ევქარისტია. მაგალითად, საცდელად კვირის რომელიმე დღეს ჯანმრთელობის პარაკლისი რომ ჩავატაროთ სასწაულმოქმედ ხატთან, თქვენ ნახავთ რამდენი ხალხი მოგროვდება, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ამა და ამ დღეს ჩვეულებრივ წირვა ტარდება, ბევრი არავინ მოვა წირვაზე დასასწრებად. ესაა ყველაზე კლასიკური შემთხვევა ცრურწმენების, რომლებიც ეკლესიაში გვხვდება.
რა კავშირია ცრურწმენასა და ფანატიზმს შორის?
– ცრურწმენა ფანატიზმს ბადებს, ფანატიზმი ცრურწმენის გარეშე ალბათ ვერ იქნება. ზოგადად სიტყვის ეტიმოლოგია გვეუბნება, რომ ფანატიზმი არის მდგომარეობა, რომელსაც სიკვდილისკენ მივყავართ. თქვენ ახსენეთ კაცი შაბათისთვის, თუ შაბათი კაცისთვის – როგორც კი ეს აგერევა და შაბათი კაცზე უპირატესი იქნება, ანუ წესსა და კანონს უპირატესად დააყენებ, იმ წამსვე ჩნდება ფანატიზმი და ადამიანში ფარისევლური სული აღორძინდება. პავლე მოციქული ძალიან ებრძოდა გარეგან წესზე მიჯაჭვულობას და თავისუფლებას ქადაგებდა. წმინდა წერილში ბევრი იგავი და მითითებაა ცრურწმენებთან დაკავშირებით, ადამიანები თითქოს ყველაფერს სათანადოდ ასრულებენ, მაგრამ უფალი მათ არ იღებს და ზოგჯერ საკამაოდ მკაცრადაც პასუხობს, – „არ გიცნობთ, მოქმედნო უსჯულოებისანო“ – შენ ყველაფერს კი აკეთებ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთო. რა თქმა უნდა, ღმერთი ძალიან კარგადაც გიცნობს, მაგრამ თავად შენ მის წინაშე არ გაიხსენი როგორც პიროვნება.
არის კიდევ ერთი საინტერესო ადგილი წმინდა წერილში: „მოვედით ჩემდა მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ.“ თანამედროვე ბიბლეისტები ამბობენ, რომ მაშვრალსა და ტვირთმძიმეში არ იგულისხმება ფიზიკური შრომით დაღლილი ადამიანი, არ იგულისხმება ცხვრების დევნით დაღლილი მწყემსი, არამედ ის ადამიანი, რომელიც რელიგიური ცხოვრებით დაღლილია, წესის და კანონის აღმსრულებელია, მაგრამ ღმერთს ვერ შეხვდა, ის მადლი ვერ მიიღო, რითაც ღმერთის თავისუფალი და ბედნიერი შვილი ხდება. უფალი კი ამბობს, რელიგიური ცხოვრებით დაღლილი ადამიანები მოდით ჩემთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა წესსა და კანონს ჩაენაცვლა ქრისტესთან პიროვნული ურთიერთობა. ამიტომაც ამბობენ დიდი მამები, მაგალითად, როგორიცაა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, რომ თუ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა არ შედგა, თუ მასთან ერთობა არ განიცადე, მაშინ ქრისტიანი არ ხარ.
ზიარებასთან დაკავშირებით რა ცრურწმენები არსებობს?
– ადამიანთა უმეტესობას მიაჩნია, რომ თუ ქრისტეს სისხლს და ხორცს ვიღებთ, მაშინ ვეზიარებით ღმერთს, რაც დიდი შცდომაა. მე პიროვნულად უნდა ვეძებდე ქრისტესთან ერთობას, მივეახლო მის სისხლს და ხორცს – ამ დროს მოქმედებს სინერგიული პრინციპი, მე მივდივარ ღმერთისკენ და ღმერთი ჩემში შემოდის. ჩვენ ვიცით, რომ იუდაც ეზიარა, მაგრამ მაინც ვერ გადაურჩა სულიერ სიკვდილს. იუდას ნეგატიური მნიშვნელობით იმიტომ კი არ მოვიხსენიებთ, რომ განვსაჯოთ ან განვიკითხოთ, არამედ ეკლესია იუდას იმიტომ გვისახავს მაგალითად, რომ მისნაირი რწმენა არ გვქონდეს, რომ მისნაირი მოტივაციის გამო არ ვიყოთ ქრისტესთან. როცა ვეზიარებით ვამბობთ: „არა ამბორს გიყო ვითარცა იუდა“. როგორი მორწმუნეა იუდა? ის მოციქულთა დასშია, ქადაგებს, სასწაულებს ახდენს, მოციქულებისგან არ გამოირჩევა, და ამავდოულად ფიქრობს, რომ ქრისტე თავისი გეგმების განსახორციელებლად გამოადგება. ჩვენც ძალიან ხშირად ქრისტესთან კი არ გვინდა, ქრისტესგან გვინდა…
რადგან ჩვენი სხეულით მაინც მიწიერ სამყაროს მივეკუთვნებით, ღმერთისგან მუდმივად გვჭირდება მატერიალური მხარდაჭერა. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ, ათასობით ადამიანის დაპურება რამდენიმე პურითა და თევზით…
– დიახ, იმასაც დავამატებდი, რომ, როცა ქრისტე მკვდრეთითაა აღმდგარი და მოციქულები თევზაობენ, აქაც იჩენს მზრუნველობას, თევზს დააჭერინებს და შემდეგ ტბის ნაპირზე გამზადებულ საჭმელს დაახვედრებს. უფალი, რა თქმა უნდა, ზრუნავს ჩვენზე და ჩვენი არსებობისთვის მატერიალურ საჭიროებებს არ უარყოფს, მაგრამ მასთან ურთიერთობისას აქცენტი უნდა გავაკეთოთ მისი მაძიებლობის სურვილზე, ჯვარცმული ღმერთის ერთგულები უნდა ვიყოთ. როგორც პავლე მოციქული ამბობს, მასთან ერთად უნდა მოვკვდეთ, რომ მასთან ერთად ვიცოცხლოთ. ამიტომ ეკლესიაში რომ მოვდივარ, იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდე, რა წავიღო იქედან, არამედ რა მივიტანო, და თუ იკითხავთ რა უნდა მივიტანოთ, გეტყვით: „გული შემუსვრილი და დამდაბლებული“, ის გული, რომელიც სინანულით, სიმდაბლით ღმერთს ეძებს და ხშირად თავგანწირულადაც.
თქვენ აღნიშნეთ, რომ საჭიროა ცრურწმენებისგან გათავისუფლება და ღმერთთან პიროვნული შეხვედრა. შეიძლება ნებისმიერ რელიგიაში ნებისმიერ ფანატიკოსს ეგონოს, რომ მას ღმერთთან აქვს ურთიერთობა. მაშინ რა ნიშნები შეგიძლიათ ჩამოთვალთ, რომ ადამიანმა იცოდეს, უახლოვდება ღმერთს თუ აცდენილია გზიდან. როგორი უნდა იყოს ღმერთთან შეხვედრის ან მასთან მიახლოების შედეგად ჩვენში გაჩენილი აზრები ან განცდები?
– რა თქმა უნდა, სუბიექტური განცდა სანდო არ არის. მეორეს მხრივ, ობიექტური ჭეშმარიტება და რეალობა თუ სუბიექტურად არ აისახა, ის ობიექტური რეალობა ჩემში არ არსებობს. ღმერთი ჩემთვის მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა მე მას განვიცდი. რწმენა ამ განცდის ჩანასახია. ადამიანმა იცის, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ საიდან იცის, როცა არც კი უნახავს? ღმერთის რწმენა მასთან მყოფობის განცდის მხოლოდ ჩანასახია. სუბიექტური განცდა აუცილებელია, მაგრამ ამავე დროს სუბიექტური განცდაც შეიძლება გვატყუებდეს. ადამიანი რელიგიური არსებაა და ობიექტური ღმერთი რომც ვერ განიცადოს, თვითონ გამოიგონებს. ამრიგად, ობიექტური ჭეშმარიტება, ჩემში ასახული სუბიექტური განცდაა ღმერთისა და ეს აუცილებელია, მაგრამ ჩემი სუბიექტური განცდა თანხმობაში უნდა იყოს ღმერთის ობიექტურ გამოცხადებასთან. უფალი ამბობს: „ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“, თუ ადამიანი სწორი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, თუ ეს სუბიექტური განცდები, რომელიც მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს, სწორად ვითარდება, და თუ არ არის ხიბლი, რაც ფანატიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა, მაშინ ნაყოფად უნდა მივიღოთ ის, რომ ადამიანი თანდათან დაემსგავსება ქრისტეს. სიმშვიდე ნიშნავს ქრისტესადმი აბსოლუტურ მინდობას, აუღელვებლობას, ამავდროულად ქრისტიანული სიმშვიდე არ ნიშნავს სიმშვიდეს აღმოსავლური გაგებით, არ ნიშნავს გულგრილობას და სხვათა სიხარულის ან გასაჭირის უგულებელყოფას. მე თუ ღმერთს ბოლომდე მინდობილი ვარ, ჩემი შეშინება, შეძვრა, ნერვოზულ ან სტრესულ მდგომარეობაში ჩაგდება, შეუძლებელი უნდა იყოს.
რას ნიშნავს სასულიერო პირისადმი მორჩილება და არის თუ არა ესეც ცრურწმენის ერთ-ერთი სახე?
– სიმდაბლე ერთ-ერთი დიდი საიდუმლოებაა და ბევრ რამეში ვლინდება, მაგალითად, მორჩლებაში, რომელიც ასევე საინტერესო ფენომენია. როცა ადამიანი მონასტერში მორჩილების აღთქმას დებს, წმინდა მამას (გულმა უნდა დაგიდასტუროს, რომ ის წმინდა მამააა, ღმერთის მადლს ატარებს და ღვთისკენ მიმავალი გზა იცის) აბარებს თავის სულს და ემორჩილება მას. რაც შეეხება ერში მორჩილებას, ეს ვლინდება იმაში, რომ ღმერთის განგებულების ამა თუ იმ გამოვლენის გამო არ დრტვინავ და არ წუწუნებ, ხოლო სხვა ადამიანთან ურთიერთობის დროს ოდნავადაც არ ეხები მის თავისუფლებას – სწორედ ესაა მორჩილება და თუ ეს პრინციპი შენში არ ვითარდება, მაშინ შენი სულიერი ცხოვრება ტყულია. მე, როგორც სასულიერო პირი, მორჩილების მაგალითი უნდა ვიყო, რადგან მე თუ ასე არ მოვიქცევი, შენ როგორღა იქნები ჩემი მორჩილი? მე, როგორც სასულიერო პირი, არ უნდა შევეხო არცერთი ადამიანის თავისუფლებას, არ უნდა შევზღუდო ჩემი იმპერატიული მოთხოვნებით, მორალის კითხვით, თითის ქნევით, ჯოჯოხეთით არ უნდა ვაშინებდე. მე მას ღვთისაკენ სავალი გზა უნდა ვაჩენო და ვაგრძნობინო, რომ ეს გზა ბედნიერების მომნიჭებელია და მივცე შესაძლებლობა, რომ მან თავისუფლად აირჩიოს ეს გზა და წავიდეს იქეთკენ. როგორც კი მე მას შევზღუდავ და მისი ცხოვრების რეგლამენტირებას დავიწყებ, ეს ნიშნავს, რომ მის თავისუფლებას პატივს არ ვცემ. ყოველი ადამიანი ღვთის ხატია და ადამიანის თავისუფლებაც ამ ხატების გამოვლინებაა, ყველა ადამიანში ქრისტეს შვილს უნდა ხედავდე. იოლია ვინმეს თითი დაუქნიო, მორალი წაუკითხო, იმპერატიული ტონით შეაშინო და გადააქციო ცხვრად, არა ქრისტეს ცხვრად, არამედ შენს ცხვრად. უფალი პეტრეს რას ეუბნება? „დამწყსნე ცხოვრანი ჩემნი“ – ეს მრევლი ჩემი არ არის, ეს პირმეტყველი ცხოვარი ჩემი არ არის, ქრისტესია და ჩემი მორჩილი კი არა, ქრისტეს მორჩილი უნდა იყოს.
„პეტრე აიღე და დაკალი“ – სამოციქულოს ეს სიტყვები რამდენად ეხებოდა ცრურწმენას?
– არსებობს ასეთი ტერმინი ეთნოფილეტიზმი, როცა ნაციონალური ინტერესები ხდება დომინირებული და ეკლესიაში ქრისტეზე წინ ეროვნული ინტერესები დგება. ესეც ერეტიკული მდგომარეობაა. ხშირად აღვნიშნავ, რომ უცხოეთში არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრები არ უნდა გადაიქცეს ნაციონალურ ტაძრებად. რა თქმა უნდა, ის ტაძრები პირველ რიგში ქართული სათვისტომოებისთვისაა, მაგრამ თუ მხოლოდ ქართველებისთვის დარჩება, ღვთის წინაშე მართლები არ ვიქნებით, რადგან არ შეიძლება ეკლესია იყოს ნაციონალური, ეკლესია ქრისტესია და სადაც არ უნდა იყოს, მას უნდა ჰქონდეს მისიონერული ხედვა და იზრუნოს ქართველებზეც და იმ ხალხებზეც, ვის ქვეყანაშიც ეს ეკლესია არსებობს.
როგორ დავამარცხოთ ცრურწმენა?
– ძალიან მნიშვნელოვანია წმინდა წერილთან სიღრმისეული ურთიერთობა, ყოველი მუხლის ანალიტიკური გააზრებით, თითოეულ მუხლთან დაკავშირებით კითხვები უნდა დავსვა, განმარტებები ვიკითხო, და ამ ძიების პროცესში ამოვწურო ჩემი სულიერი თუ ინტელექტუალური შესაძლებლობები. მეორედ რომ მივუბრუნდები, აღმოვაჩენ, რომ რაღაც საკითხებს უფრო მეტად მოეფინა ნათელი, უფრო გასაგები გახდა, ვიდრე მანამდე იყო. ასევე მნიშვნელოვანია გონიერი ლოცვის სწავლა, როდესაც ადამიანს ყურადღება თავის გულში აქვს, უფრო სწორად გულის ზედა ნაწილში და ცდილობს, რომ გული და გონება ერთად ამყოფოს ნებისყოფის ძალით და დუღაბად იესო ქრისტეს სახელი გამოიყენოს. გონიერი ლოცვის გარეშე არ გინიწმინდება ჩვენი გული, განწმენდის გარეშე კი ვერ ვიხილავთ ღმერთს. და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ხშირი ზიარება. ასევე, წირვაზე, კერძოდ მართალთა ლიტურღიაზე დგომა, როცა ადამიანი არ ეზიარება, ჩვენი ეკლესიური ცხოვრების სერიოზული დამახინჯებაა.
მარიამ ქალებაშვილი