საზღვარგარეთ მგზავრობის დროს ბარგი ხშირად დაკარგულა. თუკი აქამდე მგზავრების ბარგი დაზღვეული არ იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ მათი სიცოცხლის დაზღვევაზე, ახლა ყოველივე კანონის მიხედვით დაიზღვევა. როგორც ცნობილი გახდა, ავიაკომპანიებს ბარგისა და მგზავრების დაზღვევის ვალდებულება დაეკისრებათ. ნორმატიული აქტები საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შეიმუშავა.
ახალი რეგულაციის მიზანია, მგზავრთა და მესამე პირთა უფლებების დაცვა, ავიაკომპანიებისთვის მინიმალური სადაზღვევო მოთხოვნების დაწესებით – მგზავრის, ბარგის, ტვირთისა და მესამე პირის მიმართ და მგზავრებისა და მესამე პირების უფლებების დაცვა-მგზავრის გარდაცვალების/სხეულის დაზიანების, მგზავრის გადაყვანის და/ან ბარგის გადაზიდვის შეფერხების, ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისას. რეგულაცია საქართველოსა და საქართველოს გარეთ რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველებზე ვრცელდება, რომლებიც საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას საქართველოში, საქართველოდან სხვა ქვეყანაში და სხვა ქვეყნიდან საქართველოში ახორციელებენ.
საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება. რაც შეეხება საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველებს, წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა საქართველოს ტერიტორიაზე დაფრენის უფლებაზე უარის თქმას გამოიწვევს.
ნინო ზარიძე