მკითხველი მედიას  სთხოვს, შეარჩიოს ისეთი სათაური, რომელიც დააინტერესებს მას და ამავდროულად რელევანტური იქნება სტატიის მთლიან შინაარსთან. რეიტინგზე მორგებულმა სათაურებმა  დაკარგეს ფუნქციური დანიშნულება – შინაარსზე დაყრდნობით მიაწოდოს მკითხველს  ინფორმაცია სტატიის შესახებ, რადგან ჟურნალისტები  ხშირად ეპატაჟურსა და სენსაციურ შინაარსზე არიან ორიენტირებულნი.  ამ ტიპის სათაურებს თავად  საზოგადოებაც აკრიტიკებს, მაგრამ   პარალელურად შეუმჩნეველი რჩება კიდევ ერთი  მნიშვნელოვანი პრობლემა –  სტატიის ბოლოს არაეთიკური, ხშირად კი სიძულვილის ენის შემცველი  კომენტარები.

სათაურებთან დაკავშირებით ცალკე რეკომენდაცია არ არსებობს, ვინაიდან  მთლიანი ტექსტის ნაწილად განიხილება და  მედიაპროდუქტს წარმოადგენს. ჟურნალისტს პასუხისმგებლობა ეკისრება სტატიისთვის შერჩეულ სათაურზე, ისევე, როგორც მთლიანად სტატიაზე, მაგრამ საინტერესოა ვინ იღებს პასუხისმგებლობას მასალის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოების კომენტარებზე? როგორ ცდილობს მედია, გააფრთხილოს მკითხველი, რომ თავი შეიკავოს  ცილისწამების, დისკრედიტაციის, სიძულვილის ენის შემცველი ინფორმაციის კომენტარებში გავრცელებისგან?

კითხვაზე პასუხის მისაღებად  ყველაზე რეიტინგულ მედიასაშუალებებს  თუ გადავამოწმებთ, დავინახავთ როგორი დამოკიდებულება აქვს ქართულ ონლაინ მედიას სტატიის ბოლოს მკითხველის მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებზე. ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ყოველი 10 ვებ–გვერდიდან  მხოლოდ 3–ზე  ვხვდებით გაფრთხილებას  მომხმარებლისთვის უხამსი და შეურაცხმყოფელი კომენტარების წაშლის თაობაზე. „რადიოთავისუფლება“ ერთ–ერთია იმ მედიასაშუალებებს შორის, რომელიც ფორუმზე მონაწილეობის წესებზე ვრცლად  მიუთითებს მკითხველს და განმარტავს:

„ჩვენ არ ვცდილობთ, შევზღუდოთ თქვენი იდეების გამოხატვა,მაგრამ არ ვაქვეყნებთ მასალებს, რომლებიც შეიცავს ცილისწამებას, დისკრედიტაციას, უხამსობას, ვულგარულობას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, პორნოგრაფიას,მუქარას, დამცირებას, დისკრიმინაციას. ასევე არ ვაქვეყნებთ მასალებს, რომლებიც შეიცავს სიძულვილისკენ მოწოდებას ან კანონით იკრძალება. ვებსაიტის ადმინისტრაციამ შეიძლება, მიზანშეწონილად მიიჩნიოს ასეთი მასალების წაშლა“

მსჯელობის ლოგიკურ ბმას მივყავართ მოსაზრებამდე, რომ მომხმარებლისთვის კომენტარებზე რეგულაციის დაწესება ან მათ მიერ გამოთქმული აზრის წაშლა  შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. სავარაუდოდ, სწორედ ეს ფაქტია  საბაბი, რომ მედიასაშუალებები თავიანთ გვერდებზე არ აქვეყნებენ რეკომენდაციებს კომენტარების განთავსების შესახებ.  საინტერესოა სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს შორის?

2006 წელს ესტონეთის ერთ–ერთმა დიდმა საინფორმაციო პორტალმა „დელფიმ“ საკუთარ ვებ–საიტზე გამოაქვეყნა სტატია კერძო კომპანიის შესახებ. მომდევნო დღეს სტატიას ჰქონდა 185 კომენტარი. მათგან 20 შეიცავდა პირად მუქარასა და შეურაცხმყოფელ ენას. თვე–ნახევრის შემდეგ კომპანიის ადვოკატმა მედიაორგანიზაციას მოსთხოვა კომენტარების წაშლა და არამატერიალური ზიანისთვის ფულის გადახდა. კომპანიამ კომენტარები წაშალა, მაგრამ ფულის გადახდაზე უარი განაცხადა. აღნიშნულ საკითხზე ესტონეთის საოლქო, სააპელაციო და უზენაესმა სასამართლომ ერთი და იგივე გადაწყვეტილება მიიღო და მიიჩნია, რომ  სტატიის ბოლოს არსებული კომენტარები კომპანიის მიმართ ცილისმწამებლური იყო და ზიანს აყენებდა მას.

საინფორმაციო პორტალი „დელფი“ მიიჩნევდა, რომ ამ გადაწყვეტილებით  კონვენციის მე-10 მუხლით დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა. მომხმარებელთა კომენტარებზე მედიის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული დავა ევროსასამართლომ გადაწყვიტა და გამოიტანა დასკვნა, რომ „დელფიმ“ არ გაატარა საკმარისი ღონისძიებები სიძულვილის ენისა და ძალადობის წამქეზებელი მოწოდებების შემცველი კომენტარების დაუყონებლივ წასაშლელად,   დადგინდა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ შეზღუდულა.

საქართველოში სასამართლო დონეზე კომენტარების გასაჩივრების პრაქტიკა არ ყოფილა, მიუხედავად ამისა ვებ–გვერდებზე განთავსებულ კომენტარებზე მედიას პასუხისმგებლობა არ ეხსნება. იგი  ვალდებულია, დაიცვას ნებისმიერი პირი, საჯარო უწყება თუ კერძო კომპანია ცრუ და ცილისმწამებლური ბრალდებების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა არ შელახოს მათი რეპუტაცია და ღირსება.  როდესაც საკითხი საზოგადოების მიერ დაწერილ კომენტარებს ეხება, წყალგამყოფი გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის გამოკვეთილი არ არის. ზოგადად ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს, პასუხისმგებლიანი მედია კი ვალდებულია, რომ თავის ვებ–გვერდზე არ დაუშვას დისკრედიტაციისა და სიძულვილის ენის შემცველი ინფორმაციის გავრცელება.

ამ ეტაპზე მთავარ ამოცანად რჩება როგორი სამოქმედო გეგმით იმუშავებს ქართული მედია ფორუმებზე კომენტარების განთავსების წესებთან დაკავშირებით და გასცემს თუ არა შესაბამის რეკომენდაციებს მომხმარებლისთვის. ჯერ–ჯერობით ვებ–გვერდებზე მონაწილეობის წესების დაცვა  ისევ ცალკეული მედიის  კეთილი ნების გამოხატვის ფარგლებში რჩება.

ნანუკა მაღლაკელიძე

(Visited 30 times, 1 visits today)

კომენტარები