ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი. დედაქალაქის მერია ყველას მოუწოდებს, მოვაჭრეების ემოციური ფონი და დამდგარი მძიმე შედეგები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ.

“ელიავას ბაზრობაზე ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. ხანძრის შესახებ შეტყობინების შესვლისთანავე სამაშველო და სასწრაფო სამსახურებთან ერთად ადგილზე მივიდნენ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, მერიის სტრუქტურაში შემავალი სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები. შესაძლებლობისთანავე დაიწყება ტერიტორიის დასუფთავება. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია და ბრალდებები, რომ თითქოს სახანძრო ეკიპაჟები გვიან გავიდნენ ადგილზე, არ ჰქონდათ წყალი, ან შეგნებულად არ აქრობდნენ ხანძარს და სხვა მსგავსი სიცრუეა. განვითარებული მოვლენების ფონზე, მაშინ როდესაც არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან გაჟღერდა პირდაპირი ბრალდებები და ცილისმწამებლური განცხადებები, რაც ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელია. გვსურს მოვუწოდოთ ყველას, რომ მოვაჭრეების ემოციური ფონი და დამდგარი მძიმე შედეგები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ. რაც შეეხება დაზიანებულ საქონელს, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ. შესაბამისი სამუშაოები დილიდან დაიწყება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხანძრის გაჩენის შემდეგ სულ ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი მეხანძრეა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*