ადამიანების დიდი ნაწილი თავს სათანადოდ არ უვლის, სანამ ავადმყოფობა არ გაურთულდებათ ექიმთან კონსულტაციას, ფაქტობრივად, გაურბიან. არსებობს დაავადებები, რომელთა არსებობაც კი, ზოგიერთი ადამიანისთვის, საერთოდ უცნობია. სწორედ ამ გამონაკლისებმა, შესაძლოა, ადამიანს სამუდამო დაღი დაასვას. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს განვიხილავთ. ქლამიდია ინფექციური დაავადებაა, რომელიც შეიძლება უშვილობის განმაპირობებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.
აღნიშნულ ინფექციურ დაავადებაზე, მისგან გამოწვეულ პრობლემებზე, პრევენციაზე, „თბილისი თაიმსს“ უროლოგ-ანდროლოგი, კონსტანტინე კობალაძე ესაუბრა.
როგორი სახის დაავადება ქლამიდია, ქლამიდიოზი? რა არის ამ დაავადებების განმაპირობებელი ფაქტორი? მათი სიმპტომები როგორია?
– მე გახლავართ ექიმი, უროლოგ-ანდროლოგი. შესაბამისად, ამ ინფექციას, ასე ვთქვათ, მამაკაცების ნაწილში განვიხილავ. ხოლო, რაც შეეხება ქალბატონებს, ამ მხრივ, გინეკოლოგ კოლეგებს დავუთმობ ასპარეზს.
ქლამიდიოზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ქლამიდია (Chlamydia trachomatis) იწვევს.
პაციენტთა უმრავლესობას არანაირი სიმპტომი არ უვლინდება. ხშირად მათ არც კი იციან ხოლმე, რომ ქლამიდიით არიან ინფიცირებულნი. ჩივილები, რომლებსაც, ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტები აღნიშნავენ შემდეგია:
- გამჭვირვალე ან მოთეთრო მცირედი გამონადენი შარდსადენი მილიდან (ურეთრიდან)
- ტკივილი და დისკომფორტი შარდვისას
- ქავილი და წვა სასქესო ასოს თავზე, ხვრელის გარშემო
- ტკივილი და მცირედი შეშუპება სათესლე ჯირკვლების გარშემო
ეს სიმპტომები ქლამიდიოზით ინფიცირების შემდეგ ერთიდან სამ კვირამდე შეიძლება გამოვლინდეს.
რა შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ქლამიდიამ უშვილობა?
– ქლამიდიას შეუძლია გამოიწვიოს ურეთრის (შარდსადენი მილის), პროსტატის, სათესლე ჯირკვლებისა და მათი დანამატების ანთება. შედეგად, მიმდინარე პათოლოგიური პროცესები ეაკულატის (სპერმა) ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს და ფერტილურ ფუნქციას აქვეითებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ სათესლე ჯირკვლების დანამატების ანთების გამო სათესლე სადინრების ობსტრუქცია მიმდინარეობს, რის შედეგადაც სპერმატოზოიდები ეაკულატში ვეღარ ხვდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ორმხრივი ეპიდიდიმიტის (სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება) დროს შესაძლოა ობსტრუქციული აზოოსპერმია განვითარდეს (სპერმატოზოიდების არ არსებობა ან მათი მკვეთრი დეფიციტი ეაკულატში).
უშვილობის გამომწვევ მიზეზად რომელიმე სხვა ინფექციური დაავადებაც ხომ არ შეიძლება ჩაითვალოს?
– ნებისმიერი ინფექციური დაავადება, რომელიც მამაკაცის სასქესო სისტემას დააზიანებს, უშვილობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს.
ბოლო წლების განმავლობაში თუ იმატა ამ დაავადებამ და რატომ?
– ჩემი კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ქლამიდიოზით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ წელს მატულობს. ვფიქრობ, მიზეზი ის არის, რომ საქართველოში ცუდად არიან ინფორმირებული პრეზერვატივის გამოყენების აუცილებლობის შესახებ. ზოგიერთს კანონმდებლობითაც კი უნდოდა მისი ერთ–ერთი სახეობის აკრძალვა. მიზეზად ისიც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ექიმს არ მიმართავენ, რადგან დაავადების სიმპტომები არ უვლინდებათ.
როგორია თქვენი რეკომენდაცია, როგორ უნდა ვებრძოლოთ მსგავს დაავადებებს?
– უპირველეს ყოვლისა მინდა ვურჩიო ყველას, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ხშირი სქესობრივი ცხოვრება აქვს, მოერიდონ დაუცველ კავშირს. ასევე, ვურჩევ მიაკითხონ ექიმს და ჩაიტარონ დიაგნოსტირება, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა სათანადოდ წარიმართოს და შემდგომი გართულებებისაგან თავი დაიზღვიონ.
ნინო ზარიძე