საქართველოში  დაახლოებით ერთი თვეა დაიწყო „ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურების“ წარმოება  სტარტაპ საქართველოსა ხელშეწყობით. კომპანია GNS მომხამარებელს სრულიად ინოვაციურ სამშენებლო დეკორატიულ მასალას სთავაზობს. კომპანიის საქმიანობასა და მიზნებზე „თბილისი თაიმსს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა თუთბერიძე ესაუბრა.

როდის დაარსდა  GNS და საიდან გაჩნდა დაარსების იდეა?

– დაახლოებით ერთი თვეა რაც დაარსდა. ქართულ ბაზარზე ძირითადად იმპორტირებული ფილები და აგურებია, მსგავსი და ერთნაირი დიზაინებით. იმიტომ რომ გაგვემრავალფეროვნებინა სივრცე, გადავწყვიტეთ განსხვავებული და ინოვაციური მასალების  დამზადება. თითოეული ფილა განსხვავებული, ლამაზი და ისეთი დიზაინითაა, როგორიც თავად მომხმარებელს სურს.

რითია გამორჩეული  და ინოვაციური GNS?

– რაც შეეხება ინოვაციას, ვაწარმოებთ დეკორატიულ აგურს  და  ფილებს. ინოვაციურია თავად ჩამოსხმის ტექნოლოგია და შემცველობა. გამოირჩევა პრიალა ზედაპირით, უძლებს სიცხეს, სიცივეს, ქარს, ყინვას. არ ატარებს ხმაურს და სიცივეს.

გარდა ამისა, მთავარი ინოვაცია არის ის, რომ ჩვენ ვაკეთებთ  კერამიკულ ჩარჩოს, რომელშიც ვსვამთ სხვადასხვა მასალას. მაგალითად ტყავს, ყავას, ბუნებრივ ქვებს, ზღვის კენჭებს, ხის ფაქტურას, მერქანს, სარკეს, ფოსფორისგან ვაკეთებთ ასევე მანათობელ აგურებს და შუქ-ამრეკლ აგურებს. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავქვს ფართო და საკმაოდ საინტერესო მიმართულება ამ მხრივ.

რამდენად მყარი და გამძლეა მსგავსი სახის აგური?

– მნიშვნელობა აქვს რითი არის დამზადებული თავად აგური. თუ დამზადებულია კენჭების, ქვების, მარმარილოს, შუქის ამრეკლი  აგურებისგან შესაძლებელია გამოიყენონ როგორც გარე, ასევე შიდა ფასადისთვის. თუმცა, თუ აგური დამზადებულია ტყავის ან ყავის შიგთავსით, ლოგიკურია მისი გამოყენება უმჯობესია შიდა სივრცისთვის. სარკის მქონე დეკორაციული აგურების გამოყენება შესაძლებელია როგორც შიდა ისე გარე სივრცისთვის.

ამზადებთ თუ არა შეკვეთებითა და ინდივიდუალური დიზაინებით?

– რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ინდივიდუალური დიზაინებითაც და ეს ჩვენს კომპანიას უფრო საინტერესოს ხდის.სპეციალური დანადგარების საშუალებით  ვაპირებთ კომპანიებისთვის დავამზადოთ და შევთვაზოთ ინდივიდუალური დიზაინებით აგურები. რომელზეც გამოსახული იქნება ლოგო, სახე, სახელი და ა.შ.თავიდან ბოლომდე მორგებულები ვართ კლიენტის სურვილებსა და არჩევანზე.

როგორია ფასები  და რამდენად განსხვავდება სტანდარტულ აგურთან ან ფილასთან შედარებით?

– ჩვენ გვაქვს ასევე სტანდარტული ფილები და აგურები, რომლის ფასები იწყება 45 თეთრიდან, თუმცა რაც შეეხება სპეციალურ დეკორატიულ ფილებსა და აგურებს ერთის ღირებულება არის სამი ლარი. მიუხედავად მეტი ინდივიდუალურობისა და განსხვავებული დიზაინისა, ფასები ქართული ბაზრის შესაბამისი გვაქვს.

სად შეიძლება  GNS-ის აგურებისა და ფილების შეძენა?

– მოლაპარაკება გვაქვს სხვადასხვა კომპანიასთნ, როგორებიცაა: ზოდი, ნოვა, გორგია და სხვა სამშენებლო კომპანიებსა თუ მაღაზიებთან. ჩვენი მასალის შეძენა უკვე შესაძლებელია ქვემო ქართლის მაღაზიებში.

მარიამ ლეკიაშვილი

 

(Visited 183 times, 1 visits today)

კომენტარები