მხატვრობა, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგები, ადამიანისგან სულს ითხოვს. შეუძლებელია ღირებული  ნამუშევარის შექმნა ემოციის, გრძნობების წარმოჩენის გარეშე. მხატვარი ხომ იგივე შემოქმედია, რომელიც საკუთარ განცდებსა და გრძნობებს აცოცხლებს ნახატებში და ამ ყველაფრის შემფასებელი და კრიტიკოსი საზოგადოებაა.

“საკმაოდ რთულია ყოველთვის მიზნის მიღწევა, მით უმეტეს, უცხო ქვეყანაში, მაგრამ თუ ადამიანი შრომისმოყვარეა ის აუცილებლად მიაღწევს სასურველს,” – ეს ჩვენი უნიჭიერესი რესპონდენტის სიტყვებია.

„თბილისი თაიმსი“ გაგაცნობთ საინტერესო შემოქმედების ავტორს, მხატვარს ეკა ფერაძეს. ხელოვანი საქართველოს საზღვრებს გარეთ წლებია მოღვაწეობს და ის მსოფლიომ თავისი შემოქმედებით უკვე გაიცნო.

გვესაუბრეთ თქვენ შესახებ, როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედებითი საქმიანობა?

– 1995 წლიდან გერმანიაში  ვიმყოფები და ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი აქ გავატარე. საკმაოდ რთულია ყოველთვის მიზნის მიღწევა, მით უმეტეს, უცხო ქვეყანაში, მაგრამ თუ ადამიანი შრომისმოყვარეა ის აუცილებლად მიაღწევს სასურველს.  დღესდღეობით საკმაოდ კმაყოფილი ვარ ჩემი საქმიანობით და გადადგმული ნაბიჯებით.  უამრავ სამსახურში ვიმუშავე, მაგრამ ბოლოს დავრწმუნდი, რომ ჩემს საქმიანობაში უფლის ხელი ურევია და გადავწყვიტე ამ მიმართულებით დავკავებულიყავი. ბევრს ვცდილობდი გამოფენებზე გავსულიყავი, თუმცა ძალიან ძნელი იყო საინტერესო გამოფენებზე მოხვედრა. ფაქტობრივად, შეუძლებელიც კი. მაგრამ დღეს მე ეს პრობლემა აღარ მაქვს და სიამოვნებით ვეხმარები ქართველ მხატვრებს,  საკუთარი ნაშრომები მსოფლიოს გააცნონ, ისევ და ისევ გამოფენებზე მონაწილეობის მიღებით.

რა ასაკიდან ხატავთ და როდის გადაიქცა ეს საქმიანობა თქვენი ,,სულის ნაწილად“?

– პატარაობიდანვე ვხატავდი. ჩემთვის ხატვა სხვა სამყაროა. ხატვის პროცესში არანაირი ნეგატივი გარშემო არ მეკარება და თავს ბედნიერად ვგრძნობ, ვარ თავისუფალი. ხატვა ყოვეთვის იყო ჩემი სულის ნაწილი, უბრალოდ რთული იყო  ჩემი საქმიანობით თავი მერჩინა.

დაახლოებით რა დრო გჭირდებათ ერთი ნამუშევრის შესასრულებლად და რა მასალაში მუშაობთ?

– არის ისეთი ნამუშევარი, რომლის დახატვასაც 15 წუთი სჭირდება, მაგრამ შესაძლოა ზოგიერთ ნამუშევარს რამდენიმე დღეც დავუთმო. გააჩნია რა მიმართულებას ავირჩევ. საკმაოდ ბევრ მიმართულებაში ვმუშაობ. ძირითადად, ვმუშაობ აკრილში ტილოზე. აკრილის საღებავი  სწრაფად შრება და საკმაოდ გამძლეა. დღეს ბევრი მუშაობს აკრილში. ზეთის ეფექტს ტოვებს. რთულია, ნახატის შექმნა იმ შემთხვევაში, როდესაც საღებავი სწრაფად შრება და ამისთვის საჭიროა მონახაზის დროს სწორი გადაწყვეტილების მოკლე დროში მიღება.

რამ განაპირობა თქვენი არჩევანი, გერმანიაში გაგეგრძელებინათ მოღვაწეობა?

– მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ფესვები და  არასდროს საქართველოსთან კონტაქტს არ გავწვეტ. გამოფენებზე ძირითადად საქართველოს სახელით გავდივარ. სოციალური ქსელების მეშვეობით საკმაოდ ბევრი, ათასობით მეგობარი მყავს და უმრავლესობას  ვიცნობ. სამწუხაროდ, ფიზიკურად არა, მაგრამ მუდმივი კავშირი მაქვს.

1995 წელს საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ იმ პერიოდში საქართველოში ვერ მოვახერხე ჩემი შესაძლებლობები საზოგადოებისთვის წარმომეჩინა. რატომ გერმანია? ვფიქრობდი, რომ გერმანელები ყველაზე მოწესრიგებული ადამიანები იყვნენ.

გყავთ თუ არა ოჯახი და აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?

– ოჯახი მყავს. ჩემთვის ძვიფასი მეუღლე და 5 შვილი. 4 ბიჭი და ერთი ქალიშვილი. საქართველოში დაბრუნება არ მაქვს მიზნად, პატარა ვიყავი, საქართველოდან გერმანიში საცხოვრებლად რომ გადმოვედით და, ფაქტობრივად, აქ გავიზარდე. მე არც ვგრძნობ თავს, რომ არ ვარ საქართველოში, რადგანაც ხშირი ურთიერთობები მაქვს, მაგალითად თქვენ დამიკავშირდით, ე.ი. თქვენთან ვარ.  ბავშვებს ტრადიციულად, ქართული სულისკვეთებით ვზრდით და ვსაუბრობთ მხოლოდ ქართულ ენაზე. საქართველოს ხშირად ვსტუმრობთ და  ჩემს ბავშვებს საქართველოში ცხოვრების სურვილი აქვთ.

თქვენ, როგორც მხატვარი, როგორ შეაფასებდით საკუთარ ნამუშევრებს, ძირითადად რაა თემაზე იქმნება თქვენი ნახატები?

– ჩემს შემოქმედებას საზოგადოების მხრიდან ვაფასებ.  საკმაოდ მაღალი შეფასებები აქვს მიღებული ჩემს შემოქმედებას და მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან ყოველ დღე ვიღებ მოწვევებს.

ხშირად მიწვევს vogue თავის ჟურნალში, რათა ჩემ შესახებ ისაუბროს და ჩემი შემოქმედება დაბეჭდოს.  არა მარტო vogue – ში იბეჭდება ჩემი ნამუშევრები, არამედ საკმაოდ ბევრ ჟურნალშიც. საზოგადოების მხრიდან ასეთ დაინტერესების გამო, შემიძლია დადებითად შევაფასო ჩემი ნახატები.

ვმუშაობ საკმაოდ ბევრ მიმართულებაში და ერთდროულად რამდენიმე თემის წარმოჩენა მიწევს. შეუძლებელია ერთი მიმართულებით წავიდე, რადგან მრავალფელოვნებას ვესწრაფვი, ვაგრძელებ ძიებას და განვითარებას.

რა სტილით ხატავთ და რითი გამოირჩევა თქვენი ხელწერა სხვა მხატვრისგან?

ჩემს ხელწერას უკვე ბევრი იცნობს მთელს მსოფლიოში. ძალიან მიყვარს 3D-ში მუშაობა, აფრიკული თემატიკას გამოვარჩევ, თუმცა შემიძლია რამდენიმე თემატიკა გავაერთიანო.

როგორც ვიცით, ყველა მხატვრის ნამუშევარი მისი კუთვნილებაა, თქვენ, როგორც ხელოვანი როგორ ეგუებით, თქვენი ნამუშევრების ახალი მფლობელის ხელში გადასვლას?

– მე ძალიან მიყვარს, როცა ჩემი შემოქმედება სხვის ოჯახებში ინახება. ეს ჩემთვის ძვირფასია. მე ამით ვმრავლდები, რადგან ჩემი სულის სხვადასხვა ნაწილს სხვები უვლიან, მათ ეს სიმშვიდეს ანიჭებს და ბედნიერს ხდის. რა არის ამაზე დიდი ბედნიერება, როცა შენი შემოქმედებით სხვა ბედნიერი ხდება? ადამიანები საკუთარ ემოციებს ვერ მალავენ, როცა ჩემს ნამუშევრებს იძენენ  და მე ამით უფრო მეტი სტიმული მეძლევა. მრავალი ნამუშევარი გავაჩუქე საქართველოში, რისი გაყიდვითაც შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა, ეს არ ყოფილა მიზერული თანხა. ეს ყველაფერი იმ ადამიანების ხელშეწყობით ხდება, ვისაც ჩემი შემოქმედება უყვარს და მოსწონს. ვიცი, რომ როცა არ უნდა მოვინდომო ჩემი მონატრებული ნამუშევრის მონახულება, ყოველთვის ამ ოჯახების კარი ჩემთვის ღიაა. მითხარით რა არის ამაზე დიდი ბედნიერება, როცა შენი დანახვითაც ბედნიერებას განიცდიან? ასეთი ადამიანების რაოდენობა კი უამრავია . ათასობით ოჯახში ვიმყოფები. მე ნამდვილად ამის საშუალებას მხოლოდ ქართველებს ვაძლევ. ყველა ჩემი ნამუშევარი რომ შემენახა, საზოგადოება ვერ გამიცნობდა. მე ჩემს ნახატებთან მუდმივი კავშირი მაქვს და ხშირად ვსაუბრობთ. ძალიან მიყვარს ჩემი ნამუშევრები და ასევე ის ხალხი, ვის კუთვნულებასაც წარმოადგენენ.

თქვენი ნამუშევრებიდან, თუ გამოარჩევდით რომელიმეს, რომელიც განსაკუთრებულად გიყვართ?

– დიახ, მაქვს გამორჩეული ნახატები. ნაწილს ჩემთან ვინახავ და ნაწილი ოჯახებში ინახება. ყველაზე ძვირფასი ჩემთვის ჩემი დელფინია, სახელად დადუ. მე მას სული შთავბერე და ის სამუდამოდ ჩემთან დარჩება. ეს ნამუშევარი ჩემს შვილს, ჩემს დადუს მივუძღვენი.

თავისუფალ დროს რისი გაკეთება გიყვართ, გარდა ხატვისა?

– ჩემი გონება მხოლოდ იმაზე ფიქრითაა დაკავებული, საინტერესო რა შევქმნა. სადაც არ უნდა ვიყო, ყველაფერს რატომღაც ნახატებში ვხედავ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და გამოფენების მეშვეობით ხშირად ვმოგზაურობ. ჩემს საქმიანობას და მოგზაურობას ერთმანეთს ვუკავშირებ.  ამით ბედნიერი ვარ და თავისუფალი ვხდები.

ხართ თუ არა გურმანი და რომელი ქვეყნის სამზარეულო გიზიდავთ ყველაზე მეტად?

მხოლოდ ქართული სამზარეულო მიზიდავს და გურმანი ვარ. მსოფლიო მაქვს შემოვლილი და მსგავსი გემრიელობა, გულიანად გაკეთებული არსად შემხვედრია. ქართული კულინარიული წიგნები მაქვს, ძველი, ხელით ჩაწერილები უკვე ფურცლები რომ გაუყვითლდა რვეულებს ისეთები.

ბავშვებს მუდმივად ვუმზადებ ქართულ კერძებს, შემიძლია 24 საათი სამზარეულოში ვიტრიალო.

ამჟამად რა თემაზე მუშაობთ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– ჩემი მიზანია გამოფენებზე გავიდე. ამ წელს 4 გამოფენა დავგეგმე ჰოლანდიაში, საფრანგეთში, ინგლისსა და ავსტრიაში. მომავალი წლიდან ისეთი ნამუშევრის შექმნა მაქვს გადაწყვეტილი, რომელიც  სამყაროს გააოცებს. ეს არის ჩემი დიდი მიზანი. ძალიან მინდა შევძლო და დარწმუნებული ვარ შევძლებ.

მხატვარი რომ არ იყოთ, რომელ სფეროში წარმოიდგენდით საკუთარ თავს?

– ნამდვილად არ მსურს წარმოვიდგინო. ჩემი სამყარო მაქვს შექმნილი, თავისუფლება მოვიპოვე და დაკარგვაც არ მსურს. სხვა საქმეებიც მაქვს, რომლებიც ისევ და ისევ ხატვასთანაა დაკავშირებული.

ეკა წიკლაური

 

 

 

 

 

(Visited 1,221 times, 1 visits today)

კომენტარები