საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 9-10 ივლისს მოლდოვას რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, სადაც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მოლდოვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” არაფორმალური დიალოგის მეცხრე შეხვედრაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრას გამართავს მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან ანდრეი გალბურთან. შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერება საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემულ საფოსტო მარკებს, რის შემდგომ გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან პაველ ფილიპთან და პარლამენტის პრეზიდენტთან ანდრიან კანდუსთან.
10 ივლისს დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი. ევროკავშირის მხარიდან – ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი; ესტონეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კადრი სიმსონი; საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჟან-კრისტოფ ბელიარდი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დანარჩენი ხუთი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ყურადღება გამახილდება 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელ პროცესზე.

(Visited 8 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*