თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო “აგროლეინი” ყოველწლიურად 12 ტონა გაყინულ ჟოლოს და 56 ტონა გაყინულ მოცვს აწარმოებს. კომპანია  ჟოლოსა და ლურჯ მოცვს ყიდის როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. როგორც „თბილისი თაიმსს“ კომპანიის დირექტორმა გიორგი ღვინიაშვილმა  განუცხადა  შპს „აგროლეინს“ გადამუშავებული მოცვი ექსპორტზე სპარსეთის ყურის ქვეყნებში გააქვს.

„ჩვენი პროდუქცია ჯერჯერობით მხოლოდ სპარსეთის ყურის ქვეყნებში გადის, თუმცა სამომავლოთ ვგეგმავთ, რომ გავიტანოთ ევროპის ქვეყნებშიც. კომპანია წლიურად 12 ტონა გაყინულ ჟოლოსა და 56 ტონა გაყინულ მოცვს აწარმოებს. პროდუქცია  გარდა უცხოეთის ბაზრისა, ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება.“

„აგროლეინს“ მოცვის ბაღი საკუთარ მიწაზე, 6 ჰექტარზე აქვს გაშენებული. საწარმო 2016 წელს აშენდა. ძირითად ადგილებზე  30 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად 100-მდე ადგილობრივი დამატებით.  რაც შეეხება კომპანიის კუთვნილ მოცვის ბაღებს, წელს 1 ჰექტარზე 10 ტონა მოსავალს ელოდებიან.

„აგროლეინის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია კარფურისა და გუდვილის ქსელებში, ასევე აგროჰაბში.

„აგროლეინის“ პროდუქცია დუბაიში აგროგამოფენაზე „გალფუდი 2017″ იყო წარმოდგენილი. გამოფენა „Gulfood” საერთაშორისო ვაჭრობისა და კომერციის უდიდეს ცენტრს წარმოადგენს, სადაც სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილმა საწარმოებმა ქართული აგროსასურსათო პროდუქცია წელს პირველად წარადგინეს.

ლურჯი მოცვი ბუჩქოვანი, კენკროვანი კულტურაა, რომელიც ლურჯი ფერის მრგვალ ნაყოფს ისხამს. ყინვაგამძლეა, უძლებს -20 გრადუს ყინვასაც. ვერ იტანს გვალვას. აუცილებელია მისი მორწყვა. დაავადებების მიმართ მაღალი მდგრადობით ხასიათდება. შეიცავს C  ვიტამინს და  მთრიმლავ ნივთიერებებს. აქვს ანტიოქსიდური თვისებები. ფართოდ გამოიყენება კულინარიასა და  ხალხურ მედიცინაში. მაღალი კვებითი და დიეტური თვისებების გამო  ის ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში და მომხმარებელთა დიდ ყურადღებას იმსახურებს.  კენკრის ორიგინალური, მომჟავო–მოტკბო გემო მის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის. მას ხმარობენ როგორც ნედლი, ისე ჩირის სახით.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 89 times, 1 visits today)

კომენტარები