10-14 ივლისს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩები საქართველოში შეხვედრებს მართავენ. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საგანგებო დავალებათა ელჩები ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, შვედეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ვიზიტის ფარგლებში ელჩები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დოლიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვახტანგ მახარობლიშვილთან და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფია ქაცარავასთან.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაცია აგრეთვე მოინახულებს საოკუპაციო ხაზს, ენგურის ხიდს, ხურჩასა და შამგონას. ელჩები ადგილზე გაეცნობიან იქ არსებულ ვითარებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საგანგებო დავალებათა ელჩები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც 13-14 ივლისს ქ. ბათუმში გაიმართება.

(Visited 13 times, 1 visits today)

კომენტარები