მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლებისა და დამხმარე მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

პროგრამაში არსებულ მასწავლებლებს კიდევ 6 კონსულტანტ-მასწავლებელი დაემატება, რაც შეეხება დამხმარე მასწავლებლებს, პირველ ეტაპზე, 25 ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბაკალავრებისთვის, რომლებსაც გავლილი აქვთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა,

საკონკურსო განაცხადების შემოტანა 21 ივლისამდე გაგრძელდება, ამის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან.

კონკურსის წესით შერჩეული პროგრამის მონაწილეები 2017-2018 სასწავლო წლიდან დასაქმდებიან სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში და უზრუნველყოფენ:

  • ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესებას და ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად საგაკვეთილო პროცესის წარმართვას სხვადასხვა დისციპლინებში, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად.
  • არაფორმალური განათლების ხელშეწყობას;
  • სხვადასხვა პროფესიული და სასწავლო ღონისძიებების განხორციელებას, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად.

პროგრამის მონაწილეები სკოლებში გადანაწილებამდე გაივლიან ინტენსიურ მომზადებას და მომავალშიც ჩართულნი იქნებიან პროფესიული განვითარების სხვადასხვა ღონისძიებაში.

პროგრამის მონაწილე დამხმარე მასწავლებლებს 2-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ დაუფინანსდებათ სწავლა საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობით.

არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა მიზნად ისახავს როგორც არაქართულენოვან სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებისა და სახელმწიფო ენის სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესებას და მათი სოციალური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას.

გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით, დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ბაკალავრებს შეხვდნენ.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე – www.hr.gov.ge

(Visited 15 times, 1 visits today)

კომენტარები