2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი დაევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩების დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.

საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს და ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესს. შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის  რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის შესახებ.

გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ხელისუფლების ნომერ პირველი პრიორიტეტია და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირისა და დასავლელი პარტნიორების როლს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ელჩმა იონას პასლაუსკასმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა. დიპლომატის თქმით, საქართველოს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში პრიორიტეტულია და ამაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაციის წევრთა რაოდენობაც მიუთითებს. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან დიპლომატები ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკიდან.

(Visited 32 times, 1 visits today)

კომენტარები