ბოლო დროს მსოფლიო პოლიტიკაში ერთდროულად ბევრი მოვლენა ვითარდება. ეს მოვლენები თითოეული ქვეყნის ურთიერთობებზე, კავშირებსა და სხვა მდგომარეობაზეც აისახება. ზოგადად საგარეო პოლიტიკა ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საქართველოც ამ მოვლენების მონაწილეა. საინტერესოა, უახლოეს პერიოდში ჩვენი ქვეყნის პერსპექტივები მსოფლიო პოლიტიკაში – ურთიერთობები დასავლეთთან, რუსეთთან… ამ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ პოლიტოლოგი ბიძინა ლებანიძე ესაუბრა.

როგორ ფიქრობთ, უახლოეს პერიოდში რა პერსპექტივები აქვს საქართველოს მსოფლიო რუკაზე?

– შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში საქართველო სამი ზესახელმწიფოს – რუსეთის, ჩინეთისა და ევროკავშირის – ინტერესთა გადაკვეთის წერტილშია მოხვედრილი, რაც მოიცავს როგორც საფრთხეებს, ისე შესაძლებლობებს. მთავარი საფრთხე, რა თქმა უნდა, რუსეთია – რუსეთის მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ბოლო პერიოდში ერთგვარ მოცემულობად იქცა და უახლოეს წლებში არ შეიცვლება. მთავარი მიზანი რუსეთთან მიმართებაში ამ ეტაპზე უნდა იყოს შემდგომი დაძაბულობის თავიდან არიდება და მცოცავი ანექსიის შეჩერება, რაც, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება. ევროკავშირთან მიმართებით, და აქ უნდა მოვიაზროთ აშშ-ც, საქართველომ გარკვეულ წარმატებას მიაღწია, თუმცა მთავარი მიზანი – ევროკავშირში გაწევრიანება – ჯერჯერობით, კვლავ გრძელვადიან პერსპექტივად რჩება, ერთი მხრივ, იმის გამო, რომ თვით ევროკავშირს აღარ სურს ამ ეტაპზე გაფართოება და მეორე მხრივ, იმის გამო, რომ ვერც საქართველო ახერხებს დემოკრატიული სტანდარტების იმ მინიმუმის დაკმაყოფილებას, რაც ევროკავშირში წევრობისთვის იქნებოდა საჭირო. განსხვავებული ვითარებაა ნატოსთან მიმართებაში: ამ შემთხვევაში საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, თუმცა თბილისს გაწევრიანებაზე პოლიტიკური მიზეზების, პირველ რიგში, რუსეთის გამო ეუბნებიან უარს. თანდათან იზრდება ასევე ჩინეთის დაინტერესება რეგიონით. საქართველო მოხვედრილია ჩინეთის „ონე ბელტ – ონე როად“ სტრატეგიაში, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე ვაჭრობის განვითარებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის აშენებას გულისხმობს. ამ მხრივ მისასალმებელია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა.

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ წამყვან ევროპულ ქვეყნებთან, როგორიცაა, მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია, წარმატებული ურთიერთობა გვქონდეს და ევროკავშირთან ურთიერთობაც გაღრმავდეს?

ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერითა და უვიზო მიმოსვლის შემოღებით საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობაში მიაღწია იმ მაქსიმალურ დონეს, რომელიც არაევროპულ ქვეყანას შეიძლება ევროკავშირთან ჰქონდეს. იმისთვის, რომ ურთიერთობა ევროკავშირთან კიდევ უფრო გაღრმავდეს, საქართველო, პირველ რიგში, თვითონ უნდა გახდეს ევროპული ქვეყანა. დაახლოებით, რომ შევადაროთ რომელ ქვეყნებს აქვთ ჩვენზე მჭიდრო ურთიერთობა ევროკავშირთან, ისე, რომ ევროკავშირის წევრები არ იყვნენ, მაგალითად, ისლანდია, ნორვეგია ან ლიხტენშტანი, ბუნებრივია ამ ქვეყნებს სოციო-ეკონომიკური განვითარების დონით ვერ დავეწევით, მაგრამ მინიმუმ ის უნდა უზრუნველვყოთ, რომ ქვეყანაში ნორმალური დემოკრატიული სისტემა შეიქმნას და ყოველი მომდევნო არჩევნების დემოკრატიულობა ეჭვქვეშ არ დგებოდეს.

რაც შეეხება უშუალოდ რა შეიძლება იყოს შემდგომი ეტაპი, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის გაფართოება თვით ბრიუსელში შემდგომი 5 წლის ინტერვალში დღის წესრიგში არ დგას, საქართველოსთვის ოპტიმალური იქნება თუ მოვახერხებთ ევროპის ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანებას, რომლის წევრებიც თვით ევროკავშირის გარდა ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტაინი არიან. ევროპის ეკონომიკურ სივრცეს აქვს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც განზრახ იყო ამოღებული საქართველოსა და უკრაინის ასოცირების ხელშეკრულების ტექსტებიდან – სამუშაო ძალის მობილობა. ეს არის ბოლო დარჩენილი თავისუფლება ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი ძირითადი თავისუფლების პრინციპიდან – კაპიტალის, საქონლის, სერვისებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილება, რომელიც საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს. შესაბამისად, თუ სამუშაო ძალის მობილობასაც მივაღწევთ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო სრულად ინტეგრირებული იქნება ევროკავშირთან, ოფიციალური წევრობის გარეშე.

ხშირია ექსპერტების მხრიდან მოსაზრება, რომ ნატოსთან და ევროკავშირთან მჭიდრო კავშირი გაამწვავებს რუსეთთან ურთიერთობას? თქვენ როგორ ფიქრობთ?

– საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ერთი პერიოდი ჰქონდა ილუზია, რომ შეძლებდა პროდასავლური პოლიტიკის გაგრძელებას და პარალელურად, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას. პრაქტიკამ აჩვენა რომ, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და დასავლეთისკენ სწრაფვა არათავსებადი მიზნებია. რუსეთი მტრულად უყურებს დასავლეთის პოზიციის ნებისმიერი ფორმით გაძლიერებას მის მეზობელ ქვეყნებში და ეს არ ეხება მხოლოდ ნატოს გაფართოებას. რუსეთი მსგავსი მასშტაბის საფრთხედ აღიქვამს, მაგალითად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და თავისუფალ ვაჭრობას, რის გამოც კრემლმა უკრაინაში ომი წამოიწყო. საქართველო მსგავს სცენარს რეალურად იმიტომ გადაურჩა, რომ რუსეთს აფხაზეთი და სამაჩაბლო უკვე მიტაცებული აქვს და წინააღმდეგობის კერის გაჩაღება დანარჩენ საქართველოში, რომელიც ეთნიკური ქართველებით და/ ან უფრო ლოიალური უმცირესობებით არის დასახლებული, ძალიან გაუჭირდებოდა. პირდაპირ შემოჭრა კი პოლიტიკურად წამგებიანი იქნებოდა. თუმცა, მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს და ესეც ზეწოლის ერთ-ერთ ფორმად უნდა განვიხილოთ.

რა პოლიტიკა უნდა გატარდეს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა დალაგდეს? მცოცავი ოკუპაციის ფონზე უახლოეს პერიოდში რამდენადაა ეს შესაძლებელი?

რუსეთთან ურთიერთობა დალაგდება მხოლოდ ორ შემთხვევაში: ან საქართველომ, სომხეთის მსგავსად, უარი უნდა თქვას ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობებზე, გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში და რუსეთის დირექტივებს უპირობოდ დაემორჩილოს, ან თავად რუსეთში უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი კატაკლიზმი, რაც რუსეთის ძლიერ დასუსტებას გამოიწვევს და რისი წინაპირობაც ამ ეტაპზე არ ჩანს. ვერცერთ სხვა შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობა, სამწუხაროდ, ვერ გაუმჯობესდება. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ბოლო წლების მანძილზე სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია. ქართული ოცნება, ალბათ, რუსეთის მიმართ ყველაზე რბილი და დამთმობი პროდასავლური ხელისუფლებაა და მანაც ვერ შეძლო ჩრდილოელ მეზობელთან მნიშვნელოვან საკითხებში საერთო ენის გამონახვა.

დონალდ ტრამპმა ორი თვის წინ ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლის თანახმად, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ–ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას. აქტში წერია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. რა მესიჯი და სიგნალი იყო ეს აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან?

რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო სიახლეა ამერიკიდან. ტრამპი არ გამოდგა ისეთი პრო-რუსული პრეზიდენტი, როგორი შიშებიც არსებობდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ჯერჯერობით, მაინც ასე ჩანს. თუმცა, თუ მის მიერ დღემდე გადადგმულ ნაბიჯებს გავითვალისწინებთ, არც ურთიერთობის ძლიერ გამწვავებას უნდა ველოდოთ აშშ-სა და რუსეთს შორის. ამ მხრივ, ალბათ, გარკვეული სტატუს კვო შენარჩუნდება ორ ზესახელმწიფოს შორის ურთიერთობაში. ასე რომ, საქართველოსთვის დიდად არაფერი შეიცვლება, ამ ეტაპზე მაინც.

როგორ ფიქრობთ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის მოგვარება არის თუ არა უახლოეს პერიოდში შესაძლებელი? თქვენი მოსაზრებით რა/როგორი ნაბიჯებით შეიძლება მივიდეთ ჩვენთვის სასურველ შედეგამდე?

– სამწუხაროდ, არ მგონია, რომ ეს საკითხები უახლოეს პერიოდში მოგვარებადი იყოს. 2008 წლის ომი და აფხაზეთისა და სამაჩებლოს აღიარება რუსეთის მიერ გადამწყვეტი მომენტი იყო, რომელმაც დიდი ხნით გადაწია კონფლიქტების მოგვარების საკითხი. იმ შემთხვევაშიც კი თუ საქართველო დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე უარს იტყვის და რუსეთის ფაქტობრივ გუბერნიობას დათანხმდება, კრემლი აღიარებას უკან არ წაიღებს, იმიტომ, რომ მისი ასეთი ნაბიჯი , როგორც ზესახელმწიფოსა და რეგიონული ჰეგემონის პრესტიჟს აუნაზღაურებელ ზიანს მიაყენებს.

რა თქმა უნდა, არსებობს საერთაშორისო ზეწოლის მექანიზმები, თუმცა ამ შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს დასავლეთისთვის ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობა, რომ ჩვენს გამო რუსეთს დაუპირისპირდნენ, თუნდაც სანქციების მეშვეობით, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა. ამას ემატება დღევანდელი ხელისუფლების ინერტული მიდგომა და ხშირად ბუნდოვანი რეაქციები იგივე საზღვრის თითოეულ გადმოწევაზე, რაც საშუალებას აძლევს დასავლეთს თავი აარიდოს პრობლემების გადაწყვეტაში ჩართვას, განცხადებების დონეზეც კი. საქართველოს ხელისუფლება ამას პრაგმატულ პოლიტიკას უწოდებს, თუმცა მისი პრაგმატული მიდგომა ხშირად ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს.

ნინი მაზიაშვილი

(Visited 184 times, 1 visits today)

კომენტარები