საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ეს ყოველთვის იყო კიდეც პრიორიტეტი და ამ დანიშვნით, ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი ჩვენი საგარეო პრიორიტეტების მნიშვნელობას საქართველოს მომავლის შენების საქმეში. ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადადგა მიხეილ ჯანელიძემ. ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით ლომის წილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა. ასევე მიხეილ ჯანელიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში იყო მთავარი მომლაპარაკებელი საქართველოს მხრიდან ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების პროცესში. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობთ, რომ საგარეო მიმართულების პრიორიტეტებში აწევა იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წარმატებით განსახორციელებად“, – განაცხადა კვირიკაშვილმმა.

ვიცე პრემიერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა. საქართველოს მთავრობაში ვიცე პრემიერის სამი თანამდებობაა. პირველი ვიცე პრემიერის პოსტს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იკავებს, ვიცე პრემიერები არიან ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ახლა უკვე საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

(Visited 12 times, 1 visits today)

კომენტარები