საქართველოს ეროვნულ გვარდიას პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე უხელმძღვანელებს. დღეს ეროვნულ გვარდიაში მეთაურობის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი პირველად გაიმართა. ამით ის ახალი ტრადიცია გრძელდება, რომელსაც საფუძველი, მინისტრ ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, გასულ წელს გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის გამართვით ჩამოყალიბდა. ეროვნული გვარდიის ყოფილმა უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ პოლკოვნიკ ირაკლი ჭუმბურიძეს საპატიო წესით დროშა გადასცა.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო. გენერალური შტაბის უფროსმა პოლკოვნიკ ირაკლი ჭუმბურიძეს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სიტყვით გამოსვლისას, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდიის მეთაურობა თითოეული ოფიცრისთვის დიდი პატივია, რადგან საქართველოს შეიარაღებული ძალები, სწორედ, გვარდიის ბაზაზე ჩამოყალიბდა და განვითარდა. გენერალური შტაბის უფროსმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გვარდიელების გმირობის მაგალითებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ეროვნული გვარდია რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითოა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ეროვნული გვარდიის ყოფილ უფროსს მადლობა გადაუხადა და სამსახურეობრივი საშტატო იარაღით დააჯილდოვა. მან ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძეს, რომელიც სამსახურს უკრაინაში საქართველოს სამხედრო ატაშედ გააგრძელებს, წარმატებები უსურვა.

ეროვნული გვარდიის მეთაურად დანიშვნამდე პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე გენერალურ შტაბში J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ოფიცერი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში (1992-1993 წლებში) მონაწილეობდა. ის ავღანეთისა (2014-2015) და ერაყის (2007-2008) სამშვიდობო მისიებშიც იყო ჩართული. პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ უკრაინის თავდაცვის ეროვნული აკადემია 2001 წელს დაამთავრა. მან გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ოფიცერთა მოსამზადებელი კურსები 1993-1994 წლებში გაიარა. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის შემდეგ, ეროვნული გვარდიის ყოფილმა და ახალმა უფროსებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულ გვარდიელთა მემორიალი გახსნეს. მემორიალი გვარდიის კაპელანმა მამა მიქაელ (კირკიტაძემ) აკურთხა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები – ნუკრი გელაშვილი და ზაალ კაპანაძე, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები – ბრიგადის გენერლები შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. ღონისძიებაზე, ასევე მოწვეული სტუმრები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გვარდიელთა ოჯახის წევრები, გენერალური შტაბისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

 

(Visited 9 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*