სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეცალისტებმა ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით სარეალიზაციო ობიქტებიდან სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აკრედიტირებულ ლაბორატორიაში – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში გადააგზავნეს.

როგორც “თბილისი თაიმსს” სააგენტოდან აცნობეს, ამ დროისთვის უკვე გამოკვლეულია ყველა -75-ივე ნიმუში, საიდანაც დარღვევა 4 შემთხვევაში გამოვლინდა. მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში. ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა აღინიშნა შემდეგ სუნელ-სანელებლებში: წითელი წიწაკა-7,06მგ/კგ (ი.მ „ბადრი ჯახია“); მშრალი აჯიკა-6,38მგ/კგ (ი.მ.“ელგუჯა ჯახაია“); მშრალი აჯიკა-5,96მგ/კგ (ი.მ.“გიგა შარანგია“); სუნელი-5,60მგ/კგ (ი.მ.“მადონა თოდუა“). კომპანიების ჩამონათვალი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 75-ე ნიმუშის გამოკვლევისთანავე გაასაჯაროვა. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პროდუქცია ამოღებულია ბაზრიდან და მისი განადგურება ყველა საჭირო პროცედურის შემდეგ მოხდება და გამოვლენილ დარღვევაზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების და ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ეცნობება ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს.
აგრეთვე ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს საკონსულოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. სურსათის ეროვნული სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომოს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტთან კვლევების შედეგების გაცვლის მიზნით.

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში ტოქსიკური ელემენტების – მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე ლაბორატორიულ კვლევებს 2010 წლიდან ატარებს. 2012 წლიდან დღემდე ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეულია ცხოველური და არაცხოველური სურსათის, სასმელი წყლისა და სასმელების 2687 ნიმუში. მათ შორის ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა 64 მათგანში. დარღვევბთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები – სურსათის ქსელიდან ამოღება და განადგურება.

(Visited 16 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*