საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული კავშირის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები იყო საქართველოს ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული რეფორმები, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ნაბიჯები და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისება.

საუბრისას ყურადღება დაეთმო განახლებადი ენერგიის წყაროების შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების, სუფთა ენერგიის წარმოების ზრდისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ენერგოეფექტურობა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა და დაადასტურა მთავრობის მზაობა, წვლილი შეიტანოს ემისიის შემცირებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში, ასევე – ხელი შეუწყოს ევროკავშირთან მჭიდრო ენერგეტიკულ თანამშრომლობას.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე წარმატებულ ნაბიჯად შეაფასა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთება, რაც საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს.

საუბარი შეეხო „შაჰდენიზის“ პროექტის როლს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ათვისების კუთხით და სხვა სტრატეგიულ პროექტებს, რომლებიც აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებს აკავშირებს.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, რომლის მოცულობამ 947 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა და აღნიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი პირველია.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმის შესახებ, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ენერგორესურსებზე ქვეყნის მზარდ მოთხოვნასთან და ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა დაახლოებით 250 მილიონი კუბური მეტრი სასარგებლო მოცულობის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტზე, რომლის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.

(Visited 7 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*