2017 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 48.61%-ით, ხოლო საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 40.07%-ით გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 1 609 183 მგზავრი, რაც 48.61%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს.

მგზავრთა ნაკადის ზრის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის 6 თვის განმავლობაში მოემსახურა 1 287 228 მგზავრს. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 893 222 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად მატებამ 44.11% შეადგინა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 93.69%-ით არის გაზრდილი,ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში 133 418 მგზავრს მოემსახურა, რაც 43.95%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში 3 240 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 746 მგზავრით, შესაბამისად 116.87%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 6 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე 457 მგზავრს მოემსახურა.

ამასთან, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 8 768 სამგზავრო და სატვირთო რეისი (7 016 რეგულარული და 1 752 ჩარტერული), რაც 39,48%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას.

(Visited 18 times, 1 visits today)

კომენტარები