ნატალია გაბისონია  და გიორგი შარვაშიძე ახალგაზრდა  წყვილია, რომელმაც  დაახლოებით ორი თვის წინ, საკუთარი ინეტერსი ერთ ბრენდში გააერთიანეს და  შექმნეს ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი  „თო კი“. „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას წყვილი ბრენდის შექმისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.

მოგვიყევით თქვენზე, როდის შეიქმნა „თო კი“?

– ყოველთვის მოგვწონდა მსგავსი  რაღაცის კეთება. ერთ დღესაც გადავწყვიტეთ,  დაგვეწყო ჩვენი საკუთარი საქმე და გაგვეკეთებინა სამკაულები.  თავიდანვე ორივეს გვქონდა იდეები, თუ  როგორი გვინდა რომ ყოფილიყო ჩვენი ბრენდი. წინასწარ არ დაგვიგეგმავს არაფერი, სახელიც სპონტანურად გაჩნდა, თოკისგან ვქმნიდით სამკაულებს და ლოგიკურად ეს სახელი მოვიფიქრეთ.

მცირე დროში საკმაოდ პოპულარულები გახდით, რა არის ამის მიზეზი?

– შესაძლოა მცირე წვლილი იმას მიუძღვის, რომ ხალხი სერიალებიდან გვიცნობდა და ამან უფრო მეტი დაინტერსება გამოიწვია. თუმცა,  მთავარი მიზეზი, რამაც ასეთ მოკლე დროში მოგვიტანა პოპულარობა, ალბათ გემოვნებიანი და ხარისხიანი ნივთებია. განსხვავებული დიზაინი ხალხს მოსწონს. გვინდა რომ ყოველთვის  ახალი და განსხვავებული პროდუქცია შევთავაზოთ. ვფიქრობთ, ამას მივაღწიეთ რადგან დღეში დაახლოებით 10-15 ადამიანი გვიკვეთვს ნივთს.

რა მასალას იყენებთ ნივთების დასამზადებლად და ძირითადად რა სახლის ნივთებს ქმნით?

– ძირითადად ვიყენებთ თოკს. თუმცა აქსესუარების შესაქმნელად დამატებით კარაბინებს, მაგნიტებს, თვლებს.  წინასწარ არაფერს არ ვგეგმავთ. ვსხდებით და ვიწყებთ კეთებას, თავად კეთედების დროს ვხვდებით როგორი გვინდა რომ გამოვიდეს.  რაც შეეხება თავად ნივთებს, ვაკეთებთ ფეხისა და ხელის სამაჯურებს, ბეჭდებს, ყელსაბამებს. თავდაპირველად, როდესაც  დავიწყეთ  კეთება, დაახლოებით 15 სახის სამკაული გვქონდა, ახლა მათი რაოდენობა ორმოცდაათამდე გაიზარდა.

როგორია ფასები და სად შეიძნება „თო კი“-ს შეძენა?

– ფასები იწყება 8 ლარიდან და მაქსიმალური ფასი 30 ლარია ჯერჯერობით. თუმცა დამოკიდებულია  მომხმარებლის მოთხოვნაზე. „თო კი“-ს შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ფეისბუკ გვერდის საშუალებით.არ გვინდა ხელნაკეთი აქსესუარების მაღზიებში შევიტანოთ და სხვა ნივთებში ავურიოთ. გვინდა ყოველთვის გამორჩეულები  და განსხვავებულები ვიყოთ.

რა არის ის, რის გამოც გიყვართ მისი კეთება?

– ეს თითქოს თერაპიაა. ზიხარ და აკეთებ იმას რისი კეთებაც მოგწონს. თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ხალხს მოსწონს ჩვენი შექმნილი სამკაულები. საოცარი შეგრძნებაა, როცა ვხედავთ, რომ ჩვენი შექმნილ ნივთებს უკვე ძალიან ბევრი ადამიანი ატარებს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– მომავალში ვგეგმავთ გაფართოებას და სამკაულების დამატებას. გვინდა რომ ყოველთვის გამორჩეულები ვიყოთ. ყოველ დღე ვვითარდებით როგორც სტილით და თავად დიზაინით, ასევე ხარისხით. ჩვენი საქმიანობის მთელი აზრი და არსი ისაა, რომ  რაც ძალიან მოგვწონს, გვინდა რომ სხვასაც მოვაწონოთ.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 2,633 times, 1 visits today)

კომენტარები