ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, ქართული მხარის ინიციატივით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ბოლო პერიოდში გააქტიურებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადება ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა. ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ 2017 წლის პირველ ნახევარში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნების, სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებისა და ე.წ. გამყოფი ხნულების გავლების შესახებ.

”საქართველოს დელეგაციამ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, უკან წაიღოს მათი აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ისევე, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვანი შეფასება მისცეს რუსეთის ქმედებებს და ოკუპირებული რეგიონების იზოლირების ტენდენციას და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის უკანონო ნაბიჯების საპასუხოდ.’- ნათქვამი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა აშშ-ს, კანადის, ნორვეგიის, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ალბანეთის, მონტენეგროს და უკრაინის სახელით.

„ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ გამოხატავს დიდი ხნის შეშფოთებას რომ ე.წ. „საზღვრების“ მანიშნებლების განთავსება საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ხაზთან ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. რუსეთის განგრძობადი ოკუპაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მიუღებელია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, დააბრუნოს საკუთარი სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება. ასევე უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება“, – ნათქვამია აშშ-ს დელეგაციის განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დელეგაციებმა ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს ყველა ქმედება, რომელიც ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

(Visited 13 times, 1 visits today)

კომენტარები