საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტე პროექტი იწყება. ამავე უწყების ცნობით-მოქალაქეები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურისა თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ.
საპილოტე პროექტი, გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით, წინასწარ შერჩეულ 12 დასახლებაში: მანგლისში, ჯიმითში, არბოშიკში, არხილოსკალოში, სალხინოში (ვანის მუნიციპალიტეტი), კარალეთში, ზარიძეებში, ვედიდკარში, ლახამულაში, საგურამოში, მზისგულსა და შუახევში განხორციელდება. პროექტით უფასოდ არის გათვალისწინებული როგორც მიწის რეგისტრაციის პროცედურა, ისე რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა მომსახურება: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის არსებული დავების მედიაციის გზით მოგვარება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
მითხველს შევახსენებთ, რომ მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და ორ ეტაპად ხორციელდება. რეფორმის პირველი ეტაპი – სპორადული რეგისტრაციებია, რომლის ფარგლებში საჯარო რეესტრი დოკუმენტაციის მოძიებასა და სარეგისტრაციის წარმოებას მოქალაქეთა ინდივიდუალური მომართვის შემდეგ იწყებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. 180 000-მდე რეგისტრაცია საჯარო რეესტრმა წარმატებით დაასრულა. რეფორმის მეორე ეტაპს კი, აღნიშნული, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტე პროექტი წარმოადგენს.
ნინო ზარიძე