ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სხდომაზე თბილისში გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
კომისიის სამივე წევრმა გაითვალისწინა სატარიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება. გადაწყვეტილება დაეფუძნა სამომხმარებლო ტარიფის შემადგენელი კომპონენტების ტარიფებს. ყველა კომპონენტის ტარიფში ზრდა ფიქსირდება. გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ 0.5 თეთრით გაიზარდა და 46.15 თეთრი იქნება.
“რა იქნება ხვალ გასაყიდი ფასი დამოკიდებულია იმაზე მთავრობასა და კომპანიებს შორის დადგენილი სუბსიდირება გაგრძელდება თუ არა. თუ სუბსიდირება არ გაგრძელდება ახალი ფასი იქნება 46,151 თეთრი. რაც არის დაახლოებით 0.5 თეთრით მეტი ვიდრე დღეს მოქმედი ტარიფი”, – განაცხადა სემეკი-ს თავმჯდომარემ ირინა მილორავამ.
გუშინ სემეკ-მა “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას” 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაუდგინა. თბოელექტროსადგურებისთვის, “ყაზბეგი გაზისთვის”, “დუშეთი გაზისთვის” და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ერთიანი ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 1.884 თეთრი იქნება (დღგ-ს გარეშე). ტარიფი 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.