საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამშრომლების საქმიანობის და მათი კარიერული წინსვლის შეფასების სისტემა დაინერგა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით რეფორმა უწყებაში ბრიტანელი ექსპერტების დახმარებით, ბრიტანეთის მთავრობის “კარგი მმართველობის ფონდის (Good Governance Fund)“ მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში განახორციელა.
შეფასების სისტემა ითვალისწინებს თანამშრომელთა საქმიანობის შეფასებას, მათი პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს. ამ ეტაპზე უწყებაში საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს სისტემის დანერგვა და 1 იანვრიდან ის უკვე სრული დატვირთვით ამოქმედდება. საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი პირველთაგანია საჯარო უწყებებს შორის, ვინც ამ სისტემას დანერგავს.