თბილისში კინოკოლეჯი გაიხსნა. მისი მიზანი საქართველოს კინო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური, საშუალო რგოლის სპეციალისტების მომზადებაა. კოლეჯი დამფუძნებლები უკრაინელი და ქართველი პროდიუსერები არიან. კოლეჯის შესახებ დეტალური ინფორმაციის შესახებ The Tbilisi Times კოლეჯის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მარია მოსკალენკო ესაუბრა.
მოგვიყევით კინოკოლეჯის შესახებ…
– თბილისის კინოს კოლეჯი (TCC) არის ახალი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც საშუალო დონის ექსპერტებს, ვიდეოს შინაარსის წარმოების სფეროში (კინო, სატელევიზიო პროგრამები, რეკლამები, მუსიკა და ინტერნეტი) სამი მიმართულებით ამზადებს:
ადმინისტრაციული; ტექნიკური; მხატვრული.
კინოკოლეჯის პედაგოგები ევროპელი და ადგილობრივი მაღალი დონის ექსპერტები არიან.
კურსები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კინოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. კინოკოლეჯის სასწავლო პროგრამა თეორიულ ლექციებს, სემინარებსა და პრაქტიკულ პროექტებს მოიცავს. კინოკოლეჯის კურსდამთავრებულებს ძირითადი ფუნდამენტური ცოდნა ექნებათ, რაც სამომავლო მოღვაწეობაში ძალიან წაადგებათ.
კოლეჯში მიღება როგორ ხდება, რა მოთხოვნები გაქვთ, ასაკობრივი ზღვარი როგორია?
– კოლეჯში მოსახვედრად აპლიკანტები ინგლისურ ენაზე გასაუბრებას გაივლიან. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, მსურველებს 18 წლის ასაკიდან ვიღებთ.
სწავლების შინაარსობრივი მხარე როგორია?
– კურსის ხანგრძლივობაა 8 თვე. სტუდენტებს 6 თვე პრაქტიკული ტრენინგები უტარდებათ, ბოლო 2 თვე კი სადისერტაციო ნაშრომს ამზადებენ.
კურსის დასაწყისში ფაკულტეტის ხელმძღვანელი, მთელი კურსის გამოწვევების დასადგენად, თეორიულ ლექციებს ატარებს. ასევე, სემესტრში ერთხელ, მას ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ონლაინ გაკვეთილები აქვს ჩასატარებელი. სასწავლო კურსი 3 სემესტრადაა დაყოფილი. როგორც აღვნიშნე, ლექციებს კვლალიფიციური კადრები უძღვებიან, რომლებიც სტუდენტებს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნასაც აწვდიან. ყოველი სემესტრის დასასრულს, სტუდენტები, სემესტრის საბოლოო გადაღებასთან ერთად თეორიულ და პრაქტიკულ ტესტებს წერენ.
კურსის ბოლოს საგამოცდო საბჭოს თავმჯდომარე, ტრენერებისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, თითოეული სტუდენტის შესახებ დახასიათებას წერს. ასევე გასცემენ რეკომენდაციებსაც.
თუ გყავთ კონკურენტი, მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ…
– მსგავსი საგანმანათლებლო დაწესებულებები პოსტსაბჭოთა სივრცის ტერიტორიაზე არ არსებობს. ჩვენ საკმაოდ ბევრი გეგმა გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, გვსურს ვუზრუნველყოთ მასტერ კლასები და სემინარები ფილმის ინდუსტრიის ექსპერტებისათვის და ინტენსიური კურსები დამწყებთათვის.
ნინო ზარიძე