დედაქალაქის მერია “ქართული მარშის” წარმომადგენლებისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს, სადაც განმარტავს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მერიას მიაჩნია, რომ ეს აქცია აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად სხვა ლოკაციაზე ან სხვა დროს უნდა ჩატარდეს. მერიის განცხადებას 1tv.ge ავრცელებს.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ 2017 წლის 17 ივლისს თბილისის მერიას წერილობით მიმართა ,,ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისათვის” პოლიტიკურმა გაერთიანებამ, მიმდინარე წლის 23 ივლისს, მარჯანიშვილის მოედანსა და აღმაშენებლის გამზირზე აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით.
„განგიმარტავთ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლს, რომლის შესაბამისად საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღებიდან სამი დღის განმავლობაში, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ, თუ სხვა აქციის (რომელზედაც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში) ჩატარება დაგეგმილია იმავე ადგილზე და იმავე დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მიმდინარე წლის 23 ივლისს დაგეგმილი აქციების მიმდინარეობისას, შესაძლებელია მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით თქვენ მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია ჩატარდეს სხვა ლოკაციაზე ან სხვა თარიღში“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.
23 ივლისს, სახელწოდებით “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში” აქციის გამართვას აღმაშენებლის გამზირზე “ევროპული საქართველო” გეგმავს.