პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ სამ კანონპროექტზე დადებული ვეტო დაძლია.
დეპუტატებმა არ გაიზიარეს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და კენჭისყრების შედეგად, ხმათა უმრავლესობით პროექტების პირვანდელ რედაქციას დაუჭირეს მხარი.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით წარმოდგენილ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ“ ორ კანონპროექტზე ვეტო 94 ხმით 5-ის წინააღმდეგ და 92 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაიძლია. „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას კი მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 5-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა.
პრეზიდენტმა ვეტოს უფლებამოსილება პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენა. აქედან ერთი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი – „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა კანონპროექტი.