პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების ფასის ლარში გამოქვეყნება სავალდებულო გახდება. სიახლე სარეკლამო კანონში შედის და მის თანახმად, ნებისმიერი უძრავი ქონების სარეკლამო ფასი უნდა დაფიქსირდეს ლარში. თუმცა, ეს არ გულისხმობს ვალდებულებას, რომ ფასი კონტრაქტშიც ლარში იყოს მოცემული. კანონის ინიციატორების განმარტებით, ცვლილება ლარიზაციის გეგმის ნაწილია და ის მყიდველს დაანგარიშებისა და დაგეგმვის უკეთეს საშუალებას მისცემს.
ლარიზაცია – ეს არის პროცესი, როდესაც ეროვნული ვალუტის პროცენტული მაჩვენებელი იზრდება და ეკონომიკური აგენტები ტრანზაქციებისათვის უპირატესობას მას ანიჭებენ.
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 2017 წლის პირველი ივლისიდან, მეწარმე ვალდებული ხდება, საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევისას ფასი ლარის ვალუტაში მიუთითოს.
ახალმა კანონმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ექსპერტულ წრეებში და გაჩნდა აზრი, რომ ქონების რეალიზაციის ან მომსახურების ფასის ლარში გამოქვეყნებამ შეიძლება ფასები უფრო მერყევი გახადოს და უძრავი ქონების გაძვირებაც კი გამოიწვიოს.
„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა თუ როგორ შეიცვლება უძრავი ქონების ფასები კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ.
როგორც სამშენებლო კომპანია „აქსის თაუერში“ აცხადებენ, ლარიზაციის კანონპროექტის გამო ბინების გაძვირება მოსალოდნელია. თუ როდის დაიწყება ცვლილება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ ბინების ფასი 15%-მდე გაიზრდება.
თუმცა, როგორც ჩანს აზრთა სხვადასხვაობაა თავად სამშენებლო კომპანიებს შორის. თუ კომპანია „აქსისი“ ფასების 15%-ით ზრდას გეგმავს, სამშენებლო კომპანია „დირსი“ ბინების ფასებს უცვლელად ტოვებს.
„ლარიზაციის პოლიტიკა, ჩვენს საფასო პოლიტიკას არ ცვლის. ბინის ღირებულება ლარიზაციამდე წარმოდგენილი იყო დოლარში, ამ დროისათვის წარმოდგენილია ეროვნული კურსის შესაბამისად, დოლარის ექვივალენტ ლარში.“- აცხადენენ კომპანია „დირსიში“.
მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო კომპანიებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, მომხმარებლისთვის სიახლე ცალსახად კარგია, იმიტომ რომ ლარის კურსის ცვლილება მასზე დიდ გავლენას ახდენს, როცა შემოსავალი აქვს ლარში, და სესხი ან ბინის გადასახადი – დოლარში.
ქონების რეალიზაციის ან მომსახურების ფასის ლარში გამოქვეყნების შესახებ მომზადებული კანონპროექტი ლარიზაციის სტრატეგიის ნაწილია. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას გამარტებით, ცვლილება რამდენიმე მიმართულებით მოიტანს პოზიტიურ შედეგებს.
“უძრავი ქონების რეკლამა აუცილებლად უნდა იყოს მხოლოდ ლარში, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლოთ ფასების შედარება როგორც კონკურენტის ფასებთან, ისე საკუთარ შემოსავალთან. კურსის ცვალებადობა პრობლემებს უქმნის უძრავი ქონების ბიზნესს. თუ ლარი უფასურდება, უძრავი ქონება იაფდება და პირიქით, რაც ამ სექტორში ფასების მერყეობას, გაყიდვების შემცირებასა და სხვადასხვა პრობლემას იწვევს. კანონპროექტის ცვლილების შემდეგ მომხმარებელი არ იქნება დამოკიდებული კურსის ცვლილებაზე და უკეთ შეძლებს საკუთარი შემოსავლების განკარგვას გრძელვადიან პერიოდზე.“
ჯერჯერობით უცვლელია როდიდან დაიწყება უძრავ ქონებაზე ფასების ცვლილება. თუმცა, როგორც ექსპერტები განმარტავენ, ცვლილება მომხმარებლისთვის ცალსახად დადებითია.
მარიამ ლეკიაშვილი