2012 წლიდან დღემდე ჩვენს ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მთავრობის მისამართით გვესმის როგორც კრიტიკა, ასევე დადებითი შეფასებები. მართალია, წლის ბოლო არაა და შესაბამისად, ამჯერად ეს არ არის წლის შემაჯამებელი საკითხი, მაგრამ საზოგადოებისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, როგორ მუშაობს ქვეყნის მთავრობა. საინტერესოა, როგორ აფასებს ექსპერტთა ნაწილი ამ საკითხს, რაში მდგომარეობს მთავრობის მუშაობის პლიუსები და მინუსები… „თბილისი თაიმსი“ რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

სოსო ცინცაძე: „მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების მუშაობის ეფექტურობის ბარომეტრი არის ხალხის ცხოვრება – უმჯობესდება თუ უარესდება. როდესაც ხალხის ცხოვრება არ უმჯობესდება, უმუშევრობა არ მცირდება, პენსიები არ იზრდება, მედიკამენტების ფასები საგრძნობლად იზრდება, სურსათის ფასი მატულობს, ასეთ შემთხვევაში, მთავრობის მუშაობის დადებითად შეფასება ჭირს. ეს, რაც შეეხება მინუსებს.  მე მხოლოდ ორი მინისტრის მუშაობით ვარ კმაყოფილი. ესენია: დავით სერგეენკო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და მეორე – კახა კახიშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.

რა თქმა უნდა,  არის დადებითიც და უარყოფითიც მთავრობის მუშაობაში, მაგრამ ნეგატივი აშკარად ჭარბობს.  კარგია, რომ ახლა თავისუფლებაა – არავის ართმევენ ქონებას, არავის აფორმებინებენ სახელწიფოზე პირად საკუთრებას. მაგრამ, მთავარი მაინც ისაა, როგორ ცხოვრობს ადამიანი, როგორია მისი ცხოვრების პირობები. შიმშილის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების  რაოდენობა არ შემცირებულა… რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევა, მცოცავი ანექსია, ადამიანთა გატაცებები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ხელისუფლებამ ამის  საწინააღმდეგო ქმედება ვერ მოძებნა, ვერც ჩვენი ევროპელი მეგობრების დახმარებით, რომლებიც, მართალია, სიტყვიერად გვერდში გვიდგანან,დეკლარაციულ დონეზე, მაგრამ ფაქტია, რომ დღე არ გავა, რუსმა მესაზღვრეებმა ვინმე არ გაიტაცონ. მსოფლიოში ეს არსად არ ხდება. ყოველ შემთხვევაში, ცივილიზებულ ქვეყნებში. ჩვენ თუ ცივილიზებული სამყარო ვართ და  ევროპის ნაწილად მიგვაჩნია თავი, ის, რომ ყოველ დღე შენს მოქალაქეებს იტაცებდეს მეზობელი სახელმწიფო და მერე გამოსყიდვების გადახდა გიხდებოდეს, ცხადია, ხელისუფლების ეფექტურობაზე აისახება. ამას ჩვენი საზოგადოება იმდენად შეეგუა, რომ  აღარაა სენსაციური თვითონ ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანი გაიტაცეს იმ ქვეყნიდან, რომელიც დღეს-ხვალ ნატოს წევრი უნდა გახდეს,რომელსაც ევროპა და ამერიკა გვერდში უდგას- ეს, რა საკვირველია, აფერმკრთალებს ხელისუფლების ეფექტურებას.“

გია ხუხაშვილი: „მთავრობა ყოველდღიური რუტინით არის დაკავებული და ეს, ბუნებრივია, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ  იმ გამოწვევებს უპასუხოს ქვეყანამ, რომლის წინაშეც ვდგავართ. ბევრს და განსაკუთრებულს არაფერს აფუჭებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც ვერაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სტაგნაციის (უმოძრაობა, ეკონომიკური პროცესების განვითარების შენელება) მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ცალკეული სამინისტრების განხილვას აზრი არ აქვს, რადგან მთავრობა თავისი არსით არის სოლიდარული (ერთსულოვანი, შეთანხმებული) პასუხისმგებლობის სისტემა და შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც სოლიდარულად ინაწილებენ.“

სოსო ცისკარიშვილი: „ჩვენი მთავრობა აქტიურია. ასევე მრავალფეროვანი საქმისთვის მოტივირებულები. მაგრამ გაუგებარია რა პრინციპებით ინიშნებიან თანამდებობებზე ვიცე-პრემიერები. ვიცე-პრემიერი უნდა იყოს პრემიერ-მინისტრის მარჯვენა ხელი. მას არ უნდა ჰქონდეს რომელიმე ერთი სამინისტროს წინამძღოლობის ვალდებულება… ფაქტია, რომ დავკარგეთ ვიცე-პრემიერის სტრუქტურა, რომელიც ყოველთვის 2-3 იყო. მათ ჰქონდათ ვალდებულებები სექტორების მიმართ და არა რომელიმე ერთი სამინისტროსი. ეს იყო როგორც უსაფრთხოების თემები, ასევე განათლების, კულტურის, წარმოებების… ისინი ცოცხალ და სანდო ინფორმაციას აწვდიდნენ პრემიერ-მინისტრს. პრემიერ- მინისტრი გადაწყვეტილებებს ამ დოკუმენტის საფუძველზე იღებდა და გაუგებრობას არასდროს ჰქონია ადგილი. დღეს, სამწუხაროდ, ისეთი განათლების მინისტრი გვყავს, რომელიც ამ თანამდებობაზე მტრის მიერ თუ იქნებოდა არჩეული. როდესაც ის მინისტრად დაინიშნა, მას პერსპექტივა ჰქონდა, რომ ინოვაციები დაემკვიდრებინა ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში, რომლის აუცილებლობა ეჭვს არ იწვევს, მაგრამ, ის აამაღლეს ვიცე-პრემიერად და პრაქტიკულად, აიძულეს  ყველა საკითხთან დაკავშირებით გაეკეთებინა განცხადებები. მან გამოამჟღავნა უსუსური პოლიტიკოსის მაჩვენებლები. ამას მოჰყვა სრულიად მიუღებელი ფრაზეოლოგია ქართული ნაწარმოებების მიმართ. ჯერ იყო და კომბლეს მიადგა… როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა, ამ თანამდებობის დაკავებისას ისურვა გაცნობოდა საბავშვო ნაწარმოებებს. აღმოჩნდა, რომ იგი „ტიტერის ფორმულის“ მსხვერპლი გახდა. ეს ფორმულა ამბობს, რომ ადამიანის სამსახურეობრივი პირამიდისა და მაღალი საფეხურისკენ გადაადგილება არ ხდება მისი არაკომპეტენტური დონის დაკავებამდე. ანუ, როცა ადამიანს შეუძლია საქმიანობის კეთილად წარმართვა და მისთვის მოულოდნელად აამაღლებენ კარიერის ზედა საფეხურზე, ის აღმოჩნდება ხოლმე არაკომპეტენტური. ამის მაგალითები ჩვენც გაგვაჩნია.

ამავე დროს, თავის ადგილას მეგულება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი.“

კორნელი კაკაჩია: „მთავრობის მუშაობასთან დაკავშირებით, მოლოდინები ძალიან დიდი არ ყოფილა, ეს არ იყო რევოლუციური მთავრობა, რომელსაც მკაფიო მიზნები და ამოცანები ჰქონდა, აქედან გამომდინარე, ბევრს არ ელოდებოდა საზოგადოება. 2012 წლიდან მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო ჯანდაცვის რეფორმები. თუმცა, ამ რეფორმების ეფექტი ცოტათი განელდა, იმიტომ რომ, მგონი, ხელისუფლებაც მიხვდა, რომ იმდენი რესურსი არ აქვს ქვეყანას, რომ ჩადოს ჯანდაცვის სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო ბოლო წლებში იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა იმ მოლოდინისგან განსხვავებით, რომელიც ოპოზიციასა და ზოგიერთ კრიტიკულ ამომრჩეველს ჰქონდა. ამათ უარი არ უთქვამთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ეს შეიძლება პლიუსად ჩაითვალოს. თუმცა, მინუსებზე თუ გადავალთ, აქ იგულისხმება ის, რომ ხელისუფლება არ არის ერთიანი ორგანიზმი და გუნდი. ხანდახან ჩნდება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს, მათ არ აქვთ კარგად შემუშავებული გეგმა, რომელზეც მუშაობენ. ანუ კურსი, რომლისკენაც მათ მიჰყავთ ქვეყანა. განსაკუთრებით ეს ეხება – ეკონომიკურს. ეკონომიკური პარამეტრებით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ ხელისუფლებამ კარგად ვერ გაართვა თავი ძირითად დავალებებს -ლარის კურსის გამყარებას და უამრავ სხვა საკითხებს, რომელიც ამასთანაა დაკავშირებული. ყველაზე მთავარი, რაც ვერ მოხერხდა ვერც ამ ხელისუფლებისა და ვერც წინა ხელისუფლების დროს, ეს არის უმუშევრობა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. ის, რასაც ხალხი ელოდა, რომ შეიქმნებდა სამუშაო ადგილები და რაღაც ძირეულად შეიცვლებოდა, ვერ მოხდა. ასევე შეინიშნება ის, რომ ხელისუფლება ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას. ახლა უკვე ისინი ცდილობენ გააკონტროლონ როგორც სასამართლო ხელისუფლება, ასევე მედია.. ანუ, კანონების საკუთარ თავზე მორგება უნდათ , რაც დამახასიათებელი იყო წინა ხელისუფლებებისთვის. ეს კი  გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს საზოგადოებაში.“

ნინი მაზიაშვილი

(Visited 44 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*