ამერიკა ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო და სწორედ ამიტომ ჩვენც თქვენს გვერდით ვდგავართ, რათა მხარი დავუჭიროთ თქვენს ძალისხმევას მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ვახშამზე განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ერისთვის დიდი პატივია, საქარეთველოში უმასპინძლოს ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას.

”განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი სტუმრობის დრო – სწორედ წელს აღინიშნება ჩვენს სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი. დროის ამ მოკლე მონაკვეთში საქართველო სამოქალაქო ომით გახლეჩილი სახელმწიფოდან თანამედროვე, ევროპულ დემოკრატიად იქცა. ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობა და დახმარება უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი წარმატებისთვის. ამერიკა საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ამერიკის მადლიერი ვართ, მისი დახმარება საქართველოს განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი იყო. საგარეო გამოწვევების, სამხედრო და კიბერთსაშიშროების მიუხედავად, საქართველოს მონდომება, შეინარჩუნოს საშინაო და რეგიონალური მშვიდობა, უცვლელია. აშშ საქართველოს ერთგული მეგობარი, სანდო გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. ესაა პარტნიორი, რომელთანაც საერთო ღირებულებები და გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტები გვაკავშირებს. ჩვენი მიზანია, ხელახლა დავიმკვიდროთ ჩვენი კუთვნილი ადგილი ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ზომები, რათა მიგვეღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, იქნებოდა ეს ევროკავშირთან შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ თუ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან. ვიცე-პრეზიდენტო პენს, მოხარული ვარ, რომ თქვენ აპირებთ მიმართოთ „ღირსეული პარტნიორის“ პროგრამის მონაწილეებს – ჩვენს მამაც ჯარისკაცებს. განსაკუთრებული კავშირები და არნახული თავგანწირვა ჩვენს სამხედრო ძალებს კიდევ უფრო აახლოებს – ისინი ამჟამად მხარდამხარ იბრძვიან ექსტრემიზმის წინააღმდეგ და ეს კავშირები უნდა შევინარჩუნოთ. ყოველდღიურად აღმაფრთოვანებს მათი სიმამაცე და თავგანწირვა, რაც ჩვენი სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და დაცულობის წინაპირობაა. ჩვენს შორის ნამდვილად ძმური კავშირია. ამერიკა ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო და სწორედ ამიტომ ჩვენც თქვენს გვერდით ვდგავართ, რათა მხარი დავუჭიროთ თქვენს ძალისხმევას მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა პრემიერმა.

(Visited 12 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*