მთავრობის კანცელარიაში დღეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირების შესახებ ხელმოწერის ცერემონია გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

პრემიერი ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორის, მსხვილი ამერიკული კომპანიის SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტთან და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებთან შეხვედრასაც გამართავს და აშშ-ისა და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს და ანაკლიის პორტის გეგმებს განიხილავს.

SSA Marine-ი ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2017 წლის ივნისში დაასახელა. „კონტი ჯგუფის“ შემდეგ SSA Marine-ი მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს. SSA Marine-ი ხუთ კონტინენტზე, 250 ზე მეტ სტრატეგიული ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. იგი ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტარ ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ანაკლიის პორტი აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და, საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონ ტონას მიაღწევს. პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ანაკლიის პორტის მიმდებარედ იგეგმება ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაც. ქალაქი ანაკლია მოიაზრება როგორც მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული „მომავლის ქალაქი“. პორტის პირველი ფაზის გახსნა და პირველი გემების მიღება 2020-2021 წლებში იგეგმება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აერთიანებს, ერთი მხრივ, საქართველოში დაფუძნებულ „თიბისი ჰოლდინგს“ (TBC Holding LLC) და მეორე მხრივ, „კონტი ინტერნეშენალს“ (Conti International LLC), რომელიც წარმოადგენს ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს და ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს.

(Visited 22 times, 1 visits today)

კომენტარები