“ახალი ადმინისტრაცია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. სრულიად ღიად იყო მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ. აშშ-ს საქართველოში მტკიცე დემოკრატია სურს. ყველა ამ საკითხში ძალიან მტკიცე მხარდაჭერა მოვისმინე,”- განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, საუბარი იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე – სიტყვის თავისუფლებაზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე. “ჩვენი და ამერიკელი პარტნიორების პოზიცია სრულად ემთხვევა – ქართული დემოკრატია მხოლოდ შიდა პოლიტიკის საქმე არ არის. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ აშშ ჩვენს მხარდაჭერასთან ერთად ჩვენი დემოკრატიის მხარდაჭერასაც აგრძელებს,” დასძინა ბაქრაძემ.
“ვისაუბრე არაფორმალურ მმართველობაზე, რასაც ვიცეპრეზიდენტი ყურადღებით ისმენდა. ასევე მან გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებთ. ყურადღება მივაპყარი ქვეყნის დემოკრატლი განვითარების პრობლემებზე, როგორიცაა ძალაუფლების კონცენტრაცია მმართველი ძალის ხელში, ყურადღება გავამახვილე საფრთხეებზე, რასაც არაფორმალური მმართველობა შეიცავს. მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ ეს იყო მისთვის მეტად საყურადღებო, საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც გათვალისწინებული იქნება,” – განაცხადა შეხვედრის შემდეგ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა შალვა შავგულიძემ.
სასტუმრო “თბილისი მერიოტში” ოპოზიციური პარტიების ლიდერების და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის შეხვედრა 09:00-საათზე დაიწყო.
მაიკ პენსთან შეხვედრას “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე, “თავისუფალი დემოკრატებიდან” შალვა შავგულიძე და “შენების მოძრაობის” დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ.