“ამერიკული ინვესტიცია ანაკლიის პორტის მშენებლობაში ადასტურებს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პენსთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.
„კონტი ჯგუფის“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონსორციუმში ჩართვასთან ერთად მივესალმებით თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებას ანაკლიის პორტის კონსორციუმსა და ამერიკულ მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პორტ ოპერატორ კომპანიასთან SSA Marine-ს შორის, რომლის მიხედვითაც, ეს კომპანია ოპერირებას გაუწევს საკონტეინერო ტერმინალს და ასევე განახორციელებს ინვესტიციას პროექტში, რომელიც გახლავთ დღევანდელობის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერესს და ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს-გარემო კორუფციისა და ბიუროკრატიის ძალიან დაბალი მაჩვენებლით და დაბალი გადასახადებით, რაც ამერიკული ბიზნესისთვის სარგებლის პოვნის საუკეთესო შესაძლებლობაა.
„ჩვენი მიზანია, ამერიკულ ბიზნეს ინტერესებს შევუქმნათ საუკეთესო პლატფორმა რეგიონში და ნიშანდობლივია, ამერიკული კომპანიების დაინტერესება და ჩართულობა ჩვენთან მიმდინარე რეგიონული მასშტაბის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში“,- განაცხადა პრემიერმა.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც აუდიენცია გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.