მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,9 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,0 % შეადგინა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქსტატიდან აცნობეს.
საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
”სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2,6 %-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,78 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-18,0 %), ხილი და ყურძენი (-9,0 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0,5 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0,3 %);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,0 %-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2,3 %) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1,5 %). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,2 %).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,1 %-ით, რაც 2,14 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25,6 %), ხილი და ყურძენი (15,9 %), რძე, ყველი და კვერცხი (9,3 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,1 %), ყავა, ჩაი და კაკაო (5,6 %), ზეთი და ცხიმი (5,5 %), თევზეული (4,4 %);
ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 12,6 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,61 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18,0 %), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,0 %) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3,4 %);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,3 %-ით, რაც 1,13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (37,1 %), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,3 %);
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6,9 %-ით, რაც 0,62 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (18,1 %) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5,5 %)“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.