იპოვო საქმე, რომელიც ბედნიერებას განიჭებს და თავი მიუძღვნა მას მარტივი არ არის, თუმცა ადამიანთა უმრავლესობა სწორედ ამისთვის იბრძვის. ჩემი რესპონდენტი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და უკვე უკვე იცის, რომ ჯგუფ „The Quintessence-ის“ წევრად ყოფნა მისთვის დიდი სიამოვნებაა. საბა ჩაჩანიძე იმასაც აღიარებს, რომ ჯგუფს საკუთარი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პერიოდს დიდი სიამოვნებით უთმობს, რადგან სჯერა, რომ მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა აქვს. ადამიანი, რომელსაც მცირე ასაკის მიუხედავად, ძალიან დატვირთული, საინეტრესო და ნაყოფიერი ცხოვრება აქვს „თბილისი თაიმსთან“ ინტერვიუში საკუთარი მოტივაციის საიდუმლოსაც ამხელს. საბა ჩაჩანიძის პროფესიული და პირადი თვისებების, მარადიული რჩევებისა და გასაიდუმლოებული მიზენიბის შესახებ ექსკლუზიურად გაიგებთ ინტერვიუდან.
უპირველესყოვლისა მაინტერესებს, როგორ გააცნობდი საკუთარ თავს საზოგადოებას, ვინ არის საბა ჩაჩანიძე, რას საქმიანობს, სად სწავლობს, როგორია მისი ცხოვრება?
– საზგადოებას საკუთარ თავს გავაცნობდი მარტივად: ვარ 22 წლის, დავიბადე ქალაქ თბილისში, ვმღერი ჯგუფ „The Quintessence- ში“ და ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩემი ცხოვრება, ვფიქრობ, რომ არის საინტერესო და დატვირთული.
ერთ–ერთ ინტერვიუში აღნიშნავთ, რომ ძალიან გაგიმართლათ ოჯახში, შეგიძლიათ, დეტალურად მოგვიყვეთ ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები, როგორი პრინციპებით გზრდიან მშობლები, რა არის თქვენთვის მთავარი ღირებულებები ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროს?
– ჩემი ოჯახი: ეს ნამდვილად ასეა ვამაყობ, რომ ვარ ჩემი ოჯახის შვილი, მყავს 10 წლით უფროსი ძმა სიმონ ჩაჩანიძე და სამი და სალომე, თათია და მარიამ ჩაჩანიძეები, რომლებიც, ასევე, ჩემზე უფროსები არიან, ნაბოლარა ვარ. ჩემი აზრით, ოჯახში მთავარი ღირებულებები ერთმანეთის პატივისცემა, მხარდაჭერა ნებიმიერ დროს და სიყვარულია. რაც შეეხება იმას თუ როგორ გვზრდიდნენ მშობლები, ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში თუ რაიმეში გამიმართლა, ყველაზე მეტად დედ-მამაში. აღზრდას რაც შეეხება, ისინი ხუთივე შვილს ინდივიდუალურად გვზრდიდნენ და ყველაზე დიდი იდეა, რომელსაც გვაწვდიდნენ იყო ის, რომ გვყვარებოდა ერთმანეთი და ვყოფილიყიავით ერთად მთელი ცხოვრების განმავლობაში.
როგორ დაიწყო თქვენთვის მუსიკის სამყაროში მოგზაურობა, საიდან მოვიდა პირველად ხელოვნების ეს დარგი, რა გზა გაიარეთ ჯგუფ „The Quintessence“ წევრობამდე?
– საბედნიეროდ, სიმღერის ნიჭი დედისგან ოჯახში ყველა შვილს გამოგვყვა. ჩემი უფროსი ძმა სიმონი კონსერცატორიის ბაკალავრდამთავრებულია და მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი მომავალი აქვს კლასიკური მუსიკის მიმართულებით. შესაბამისად, ჩემთვის ოჯახიდან დაიწყო მუსიკის მიმართ დაინტერესება, შემდეგ იყო ანსამბლი “ბიჭები” აჩიკო უშვერიძის ხელმძღვანელობით. ხოლო 11 წლის ასაკში, თითქოს, გაიყო ჩემი და მუსიკის გზები, თუმცა დროებით. 20 წლისამ მივიღე კასტინგში მონაწილეობა, რომლის წარმატებით გავლის შემდეგაც გავხდი ჯგუფ “The Quintessence”-ის წევრი.
„The Quintessence“ შესახებ რომ მიამბოთ რამდენი წელია, რაც ჯგუფის წევრი ხართ, როგორ აღმოჩნდით მისი ნაწილი, რა მიღწევები გაქვს ადგილობრივ, თუ საერთაშორისო კონკურსებზე?
– ავღნიშნავ, რომ ჯგუფ “The Quintessence” ყველაზე ბოლოს მე შევუერთდი და ძალიან რთული პერიოდის გავლა მომხდა იმისთვის, რომ ამ ჯგუფის საშემსრულებლო კლასს წამოვწეოდი და ჩემი ხმის ისთივე შემსრულებელი გავმხდარიყავი, როგორიც თითოეული ჯგუფის წევრია. თუმცა თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ “The Quintessence-ს“ დიდი სიამოვნებით ვუთმობ ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს, იმიტომ რომ ამ ჯგუფს აქვს პოტენციალი იმისა, რომ საკუთარი სიტყვა თქვას მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. “The Quintessence” საკმაოდ წარმატებული ჯგუფია, ჩვენ ძალიან ბევრი პრესტიჟული ჯილდო და ტიტული დავიმსახურეთ მსოფლიოს მასშტაბით, ასევე, არაერთი სოლო კონცერტი ჩავატარეთ ევროპის წამყვან ქვეყნებსა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში. სამწუხაროდ, საქართველოში სოლოკონცერტის ჩატარების ფუფუნება ხშირად არ გვაქვს, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ეს რეალობაც შეიცვლება და ხშირად შევძლებთ ქართველი მსმენელის წინაში წარსდგომას.
ჟურნალმა „სითიმ“ დაგასახელათ, როგორც ჩვენი დროის „ის ბიჭი“ (It boy) თუ შეგიძლია, მიამბო, რა განცდაა, როდესაც შენი თაობის წარმატებულ ადამიანად მოგიაზრებენ, რას ნიშნავს შენთვის იყო გამორჩეული, პოპულარული, „ის ბიჭი“ საზოგადოებაში?
– სიმართლე, რომ გითხრათ საერთოდ არ მივიჩნევ, რომ ძალიან პოპულარული ვარ, ვფიქრობ, ჟურნალი ‘სითი-ის ‘ ყურადღება უფრო ჩემი საქმიანობით მივიქციე და არა პოპულარულობით, თუმცა თავისთავად ძალიან კარგია როდესაც შრომა ფასდება და იმსახურებ ისეთი ცნობილი და წარმატებული ჟურნალის ყურადღებას, როგორიც „სითია“, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ.
როგორც წესი, პოპულარულ ბიჭებს ხშირად ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა ჰყავს. თანატოლებში დიდი პოპულარობით სარგებლობ და ბუნებრივია, იბადება კითხვა, როგორია თქვენი პირადი ცხოვრება, ხართ თუ არა შეყვარებული ამჟამად?
– რაც შეეხება პირდ ცხოვრებას, შეყვარებული არ მყავს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ჯერჯერობით სავალალო არ არის. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან ბევრი კარგი მეგობარი მყავს, რომელთა გარეშეც ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია, ეს ის ადამიანები არიან, რომელთა არჩევაც ცხოვრებაში ყველას გვიწევს და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად შევძელი.
რას საქმიანობს საბა ჩაჩანიძე მუსიკის მიღმა, როგორ გარემოში ატარებ თავისუფალ დროს და გაქვს თუ არა რაიმე ჰობი, რომლის შესახებაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის?
– საბა ჩაჩანიძე მუსიკის მიღმა არც თუ ისე უინტერესო პირონებაა. 17 წლიდან ვმუშაობ და საკმაოდ საინტერესო გამოცდილებების დაგროვება მოვასწარი მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროებში. ადრე მეგონა, რომ პროფესია გახდებოდა თუმცა დღეისთვის ჰობად შემომრჩა, ფეხბურთის თამაში. ასევე ძალიან დიდ ინტერესს და სიამოვნებას იწვევს ჩემში ბილიარდის თამაში და რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად გართობა ყველაზე კარგი განტვირთვის საშუალებაა.
თუ შეგიძლიათ, მითხრათ ვინ არის ადამიანი, ვისგანაც რჩევას ყველაზე ხშირად იღებთ და ითვალისწინებთ; საკუთარი თავისთვის რჩევის მიცემის საშუალება რომ გქონდეთ რას ეტყოდით?
– საბედნიეროდ, ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ადამიანი ვისთანაც შემეძლო ნებისმიერ თემაზე საუბარი და შემდეგ სწორი რჩევის მიღება, ეს ადამიანი იყო ნინო კახიანი დედაჩემი, რომელმაც მასწავლა, თუ რატომ შეიძლება იყოს ღირებული ადამიანის სიცოცხლე, ხოლო ყველაზე მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ მან ამის სწავლება სხვა ძალიან ბევრი ადაიანისთვისაც შეძლო. სიმართლე, რომ გითხრათ საკუთარ თავს რჩევებს ხშირად ვაძლევ, ერთ-ერთი ალბათ მარადიული რჩევა ისაა, რომ სულ უნდა განვითარდე და ძილს უფრო მეტი დრო უნდა მოვპარო, აი ამას სულ ვეუბნები ხოლმე ჩემს თავს მაგრამ ხშირად მეწინააღმდეგება განსაკუთრებით გაღვიძების პროცესში.
თქვენ რომ ჟურნალისტი იყოთ, შეგიძლიათ მითხრათ რა იქნებოდა კითხვა, რომელსაც არასდროს დაუსვამდით საკუთარ თავს?
– მე რომ ჟურნალისტი ვყოფილიყავი, ალბათ, უკეათეს პასუხს გაგცემდით, იმიტომ რომ ასეთ კითხვას ვერ ვიხსენებ, რომელსაც საკუთარ თავს არ დავუსვამდი. ზოგადად არ მიყვარს, როდესაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ არ არიან კორექტულები, მით უფრო, თუ ეს ჟურნალისტის და რესპოდენტის შემთხვევაა.
მაინტერესებს რა მიზნები გაქვთ ცხოვრებაში, როგორ გგონიათ სად იქნებით და რას გააკეთებთ უახლოეს 10 წელში?
– მიზანი ჩემთვის მამოძრავებელი ძალაა, რომლის გარეშეც ცხოვრებას აზრი არ აქვს, შესაბამისად, ბევრი კარგი მიზანი მაქვს დასახული და, რა თქმა,უნდა, ძალიან გამიხარდება თუ შევძლებ და ზუსტად ისე შევასრულებ თითოეულ მათგანს, როგორც ვფიქრობ. თუმცა განსაკუთრებული მიზანი მაქვს, რონელიც ჩემს ჯგუფს უკავშირდება და რომლის მისაღწევადაც ჯგუფის მთელი შემადგენლობა ვერთიანდებით, თუმცა ჯერ საიდუმლოდ დავტოვებ! 10 წლის შემდეგ არ ვიცი რა რეალობის წინაშე ვიდგები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დასახულ მიზნებს მივაღწევ.
ნანუკა მაღლაკელიძე