საქართველოს  მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები  საქართველოს 6 თვით დაუბრუნდება.  აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას  შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად   იქნა მიღწეული.

საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის და  საგარეო საქმეთა სამინისტროები უზრუნველყოფენ საქართველოს რეგიონებში ქეთევან

დედოფლის წმინდა ნაწილების ტრანსპორტირებას, გამოფენების მოწყობას და  საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, სადაც განხილული იქნება ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული მემკვიდრეობის კვლევისა და კონსერვაციის საკითხები.

ეროვნული მუზეუმის გარდა, ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები  გადასვენებული იქნება სამების ტაძარში და საქართველოს მასშტაბით ყველა ეპარქიაში და მორწმუნეებს მათი მოლოცვის საშუალება ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს  დაფინანსებით რესტავრირდა ქალაქ ლისაბონის გრასას მონასტრის სათავო ოთახის ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო.

12 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიმაღლის პანო, პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით, მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავითაა შესრულებული;  მასზე გამოსახულია ქეთევან დედოფლის ირანში ჩასვლა, წამება და შემდეგ ავგუსტინელი ბერების მიერ წმინდანის ნაწილების გადაცემა მეფე თეიმურაზისთვის. დაგეგმილ კონფერენციას პორტუგალიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1613 წელს შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანეს. დედოფალმა უარი თქვა, შეეცვალა სარწმუნოება, რის გამოც 1624 წელს ის ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს.

დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი, მისიონერებმა

ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი  ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა. საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე, ვატიკანში და ბელგიაში.

გოაში მდებარე მონასტერი მე – 19 საუკუნის დასაწყისში განადგურდა.ქეთევან დედოფლის

წმინდა  ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები  ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ .

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY –მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ამტკიცებდა რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები  სავარაუდოდ ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ს ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი  ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.

ინდოეთის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში დროებით  ჩამობრძანების შესახებ.

 

(Visited 65 times, 1 visits today)

კომენტარები