„თბილისობა 2017“ 7-8 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სახალხო დღესასწაული წელსაც მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს, მთავარი ლოკაციები კი “ახალი ტფილისი”, რიყე და ლეღვთახევი იქნება.

მათივე ინფორმაციით, “თბილისობა 2017”-ის ფარგლებში, მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვ. ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულზე ყველა თაობის წარმომადგენელი მისთვის საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, თბილისობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში უკვე შექმნილია დედაქალაქის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ღონისძიების სრულყოფილად და შეუფერხებლად ჩატარებას უზრუნველყოფს.

ღონისძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი (პროექტი, იდეა, მოსაზრება, წინადადება) მერიაში მიმდინარე წლის 8 სექტემბრამდე მიიღება, რის შემდეგაც, სახალხო დღესასწაულამდე 1 თვით ადრე, წინამოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადავა.

როგორც მერიაში აცხადებენ, დაინტერესებულ პირებს განაცხადების შემტანა თბილისის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ. #7), კულტურის საქალაქო სამსახურის სახელზე შეუძლიათ.

(Visited 54 times, 1 visits today)

კომენტარები