ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, – ამის შესახებ თბილისის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ თავის ვიდეომიმართვაში ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე მისი ხედვის შესახებ საუბრობს.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვისაუბრეთ თბილისის ეკოლოგიაზე და შევეხეთ ტრანსპორტის თემას, უსამართლო პარკირების სისტემას, მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების საჭიროებას, მის პოპულარიზაციას და კომფორტის უზრუნველყოფას. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ აუცილებელია ავტობუსების ჩანაცვლება, მეტროს განახლება-რეაბილიტაცია და ახალი საბაგირო ხაზების დაგეგმვა და შემდეგ მათი მშენებლობა. დღეს მინდა უფრო დეტალურად გაგაცნოთ ჩემი ხედვა ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე. პირველი, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასაკეთებელია, უნდა შემუშავდეს ტრანსპორტის განვითარების ერთიანი ხედვა. ასეთი ხედვის გარეშე, მგონია, რომ მხოლოდ ერთ წერტილში, ლოკალურად მოგვარებული პრობლემა, აუცილებლად კვლავ იჩენს თავს და გადაინაცვლებს სხვა ადგილას. ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქალაქის ურბანულ განვითარებაში. სწორედ ამ სტრატეგიის გათვალისწინებით მოხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა, რათა ქაოტურმა მშენებლობებმა არ დაახშოს ქალაქის სატრანსპორტო არტერიები. მოხდება ახალი ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, არსებული სამარშუტო ხაზების გადახედვა და ახალი მარშუტების დამატება; თბილისის რკინიგზის ტერიტორიის გამოთავისუფლება და მისი ქალაქის ინტერესებისთვის გამოყენება მოხდება“, – აცხადებს კალაძე თავის ვიდეიომიმართვაში.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ნიშნავს, რომ მისი მომსახურებით მეტი ხალხი სარგებლობს და ინდივიდუალური ტრანსპორტის საჭიროება ნაკლებია, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიისთვის, ასევე ქალაქის საცობებისგან გასათავისუფლებლად.

კახა კალაძის თქმით, საცობების განტვირთვის მიზნით ასევე დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მუდმივ რეჟიმში მოხდება თბილისის ქუჩების მონიტორინგი, გადატვირთული წერტილების გამოვლენა და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა.

„მხოლოდ ასეთი კომპლექსური მიდგომის შემთხვევაშია შესაძლებელი თბილისში საცობების და მთლიანად ტრანსპორტის პრობლემის სტრატეგიულად გადაწყვეტა. მჯერა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ ერთად დგომით და თბილისი ძალიან მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – აცხადებს კახა კალაძე.

(Visited 9 times, 1 visits today)

კომენტარები