საგანგებო შტაბი ბორჯომისა და ატენის ხეობებში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შტაბის ინფორმაციით, ატენის ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია, ბორჯომის ხეობაში კი სამუშაოები სრული დატვირთვით გრძელდება.

„ატენის ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილ ხანძარს სამხედრო მოსამსახურეები მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ. თავდაპირველად ხანძრის კერების ნიჩბებით ლოკალიზება მოხდა, მოგვიანებით კი, ხანძრის ქრობა წყლის ჭავლით განხორციელდა.

ადგილზე სამხედროებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი.

ატენის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის 250 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ნახანძრალ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე დარჩება, ჯარისკაცები ტერიტორიის მონიტორინგს ორი დღის განმავლობაში განახორციელებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით და მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გუშინ მიმართა.

ამ დროისთვის სრული დატვირთვით გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ბორჯომის ხეობაში.

საგანგებო შტაბი კვლავ 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, კოორდინერებასა და სამაშველო გეგმის დასახვაში უშუალოდ არის ჩართული პრემიერ-მინისტრი“, – აცხადებენ შტაბში.

(Visited 48 times, 1 visits today)

კომენტარები