საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰესენის მიწაზე ვიზიტი დაასრულა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრის მიხაელ როტის მოწვევით ესტუმრა.
ბატონი როტის განცხადებით “საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდში ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მჭიდრო და საიმედოა ურთიერთობა გერმანიასა და საქართველოს შორის.“
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა ფედერაციასთან ურთიერთობების და ევროპულ საკითხებში ჰესენის სახელმწიფო მინისტრთან და ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარესთან.
როგორც მინისტრმა ვიზიტის შეფასებისას განაცხადა საქართველოსა და ჰესენის მიწას აქტიური ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა აკავშირებთ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა გერმანულ-ქართული მეგობრობის წელი, ჰესენის მიწაზე სხვადასხვა ღონისძიებას ითვალისწინებს. მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში 2018 წელს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით საქართველოს მონაწილეობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, „ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტად ავამაღლოთ საქართველოს ცნობადობა გერმანიასა და ევროპაში რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის და საქართველო-გერმანიის კიდევ უფრო დაახლოებისთვის“ – აღნიშნა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძემ აგრეთვე ხაზი გაუსვა ჰესენის მიწასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს და აღნიშნა, რომ გერმანული დუალური განათლების სისტემის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამ მიმართულებით ჰესენის მთავრობასთან საქართველო უკვე თანამშრომლობს, მინისტრის ვიზიტის ფარგლებში კი დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, კონკრეტულად სასწავლებლებსა და კომერციულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკითხები.
ვიზიტის დასასრულს, მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან ერთად ბად ჰერსფელდის საერთაშორისო ფესტივალის, დახურვის კონცერტს დაესწრო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართულმა ანსამბლმა „თუთარჩელამ“. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი „თუთარჩელა“ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
გერმანიის ქალაქი ბად ჰერსფელდი აღნიშნულ ფესტივალს 1951 წლიდან მასპინძლობს. ღონისძიება უძველესი მონასტრის ნანგრევებში ტარდება და მთელი ევროპის მასშტაბით პოპულარულია. აღსანიშნავია რომ საქართველო ფესტივალში წელს პირველად მონაწილეობს.