პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 5 სექტემბრის 08:00 საათიდან 23:00 საათამდე ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩიდან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩის კვეთამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
მერიის ინფორმაციით, შესაბამისად, როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: ვაჟა ფშაველას გამზირიდან ავტოტრანსპორტი ბექას ქუჩით ყაზბეგის გამზირზე მოძრავ ნაკადს შეუერთდება, შეუხვევს ჯერ გამრეკელის, ხოლო შემდეგ ცინცაძის ქუჩაზე, საიდანაც პეკინის ქუჩის გავლით მარჯვნივ – 26 მაისის მოედნისკენ განაგრძობს გადაადგილებას.
ასევე, 5 სექტემბრის 23:00 საათიდან 6 სექტემბრის დილის 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ცინცაძე-პეკინი-ჭაბუკიანის ქუჩების გზაჯვარედინზე. აქედან გამომდინარე, პეკინის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილებისას, ტრანსპორტი შეუხვევს ბახტრიონის ქუჩაზე, საიდანაც ამირეჯიბის გზატკეცილით გმირთა მოედანს დაუკავშირდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.